ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ტუბერკოლოზმა შარშან მსოფლიოში 1,23 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა — #1tvმეცნიერება
ტუბერკულოზი მსოფლიოს მთავარ ინფექციურ მკვლელად რჩება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ დაავადებამ შარშან 1,23 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ბოლო პერიოდში ტუბერკულოზის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევა სათანადო არ არის.
ორგანიზაციის წლიური მიმოხილვის თანახმად, 2023 წელთან შედარებით, ტუბერკულოზით სიკვდილის მაჩვენებელი სამი პროცენტით არის შემცირებული, შემთხვევათა რაოდენობა თითქმის ორი პროცენტით.
2024 წელს ტუბერკულოზით 10,7 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა — 5,8 მილიონი კაცი, 3,7 მილიონი ქალი და 1,2 მილიონი ბავშვი.
ტუბერკოლოზი პრევენცირებადი და განკურნებადი დაავადებაა; იწვევს ბაქტერიები, რომლებიც ძირითადად ფილტვებს აზიანებენ. ვრცელდება ჰაერით, როცა ტუბერკოლოზის მქონე ადამიანი დაახველებს, დააცემინებს ან გადანერწყვავს.
ამჟამად, ტუბერკულოზის შემთხვევები და სიკვდილიანობა პირველად იკლებს COVID-19-ის პანდემიის შემდეგ.
„დაფინანსების შემცირება და ეპიდემიის მუდმივი გამომწვევი ფაქტორები საფრთხეს უქმნის ძნელად მოპოვებული მიღწევების წყალში ჩაყრას, თუმცა პოლიტიკური ვალდებულებით, მდგრადი ინვესტიციებითა და გლობალური სოლიდარობით, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ვითარება და ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ეს უძველესი მკვლელი“, — ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აივ-ინფექციის, ტუბერკულოზის, ჰეპატიტებისა და სქესობრივად გადამდებ ინფექციათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ტერეზა კასაევა.
ტუბერკულოზთან ბრძოლის დაფინანსება 2020 წლიდან სტაგნაციაშია.
პრევენციის, დიაგნოზისა და მკურნალობისთვის შარშან გამოყოფილი იყო $5,9 მილიარდი, რაც გაცილებით ნაკლებია 2027 წლის სამიზნე წლიურ ხარჯთან — $22 მილიარდთან.
შარშან, ტუბერკულოზის გლობალურ შემთხვევათა ორი-მესამედი რვა ქვეყანაზე მოდიოდა.
ესენია ინდოეთი (25 პროცენტი), ინდონეზია (10 პროცენტი), ფილიპინები (6,8 პროცენტი), ჩინეთი (6,5 პროცენტი), პაკისტანი (6,3 პროცენტი), ნიგერია (4,8 პროცენტი), კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა (3,9 პროცენტი) და ბანგლადეში (3,6 პროცენტი).
ეპიდემიას ხუთი ძირითადი რისკფაქტორი უწყობს ხელს — აივ-ინფექცია, დიაბეტი, მოწევა და ალკჰოლის გადაჭარბებული მოხმარება.
ტუბერკულოზი სიკვდილის ძირითადი მიზეზია აივ-ინფიცირებულებში; გასულ წელს ეს მაჩვენებელი 150 000 ადამიანი იყო.
2024 წელს, ტუბერკულოზის დიაგნოზი 8,3 მილიონ ადამიანს დაუსვეს. ამავე წელს, მკურნალობის წარმატების მაჩვენებელი 68 პროცენტიდან 71 პროცენტამდე გაიზარდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ტუბერკულოზის დროულმა მკურნალობამ 2000 წლის შემდეგ 83 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
„ის ფაქტი, რომ შარშან ტუბერკულოზმა მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მიუხედავად იმისა, რომ ის პრევენცირებადი და განკურნებადია — უბრალოს მიუღებელია“, — ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეირუსი.
ამჟამინდელი მონაცემებით, მიმდინარეობს მუშაობა 63 დიაგნოსტიკურ ტესტზე, 29 პრეპარატი კი კლინიკურ ცდებს გადის.
ვაქცინის 18 კანდიდატი იტესტება ადამიანებზე, მათგან სამი კლინიკური ცდების III ფაზაშია, ანუ საბოლოო ეტაპზე.
მრავალ ქვეყანაში ბავშვთა რუტინული იმუნიზაციის პროგრამების ნაწილია BCG ვაქცინა.
მიუხედავად ტუბერკულოზის ასეთი გამანადგურებელი გლობალური გავლენისა, საუკუნეზე მეტია, არ დამტკიცებულა ახალი ვაქცინა; ამავე დროს, არ არსებობს ვაქცინა ზრდასრულთათვის.
„ახლა გვაქვს ხანმოკლე და მოწინავე დიაგნოსტიკური საშუალებები, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ხელსაწყოები, რომლებიც ტუბერკულოზს იმაზე სწრაფად და ზუსტად აფიქსირებს, ვიდრე ოდესმე“, — ამბობს შიდს-თან, ტუბერკოლოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის ხელმძღვანელი პიტერ სანდსი.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.