ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ევროპამ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გააძლიეროს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ევროპამ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გააძლიეროს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კონტაქტების გამოვლენის გარეშე ვირუსი შეიძლება, უკონტროლო გახდეს.
როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, ამჟამად ევროპის 46 ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების 46 პროცენტია აღრიცხული. მათივე თქმით, „კოვიდ-19“-ის შედეგად დაღუპულთა ერთი მესამედი ასევე ამ რეგიონშია დაფიქსირებული.
„ჩვენ ვხედავთ შემთხვევების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას. ვირუსი ფართოდ ვრცელდება. ჩვენ ვხედავთ კორონავირუსით ინფიცირების მაღალ მაჩვენებლებს და ამავე დროს კონტაქტების გამოვლენისა და მათი აღრიცხვის საშუალებების სიმცირეს, რაც ვირუსს უკონტროლოს ხდის“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მაიკ რაიანმა.
ამასთან, მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ ევროპაში ვირუსის გაკონტროლება ე.წ. კარანტინის გამოცხადების გარეშე იქნება შესაძლებელი.
ორგანიზაციაში ასევე აღნიშნეს, რომ მუშაობენ სპეციალურ რეკომენდაციებზე, თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები, რათა კორონავირუსის გავრცელების საფრთხე მინიმალური იყოს.