ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - კორონავირუსმა მუტაცია განიცადა, თუმცა შედეგად არ გაძლიერებულა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „კოვიდ-19“-ის გამომწვევმა კორონავირუსმა მუტაცია განიცადა, თუმცა უფრო აგრესული არ გამხდარა. ეს განცხადება ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა, მარია ვან კერკოვემ გააკეთა.
მისი თქმით, მეცნიერები მთელ მსოფლიოში აკვირდებიან კორონავირუსის გენომის ჯაჭვებს, რომელთა რაოდენობა 50 ათასზე მეტია. კერკოვეს განცხადებით, ვირუსის მუტაცია ჯერ კიდევ თებერვალში დადგინდა.
ამასთან, ორგანიზაციაში არ გამორიცხავენ, რომ მუტაციის შედეგად ვირუსი უფრო სწრაფად გავრცელდეს.
„თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს დაავადების გამწვავებას იწვევს“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა.
მისივე ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც ვირუსის მუტაციას აკვირდება.