ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - კორონავირუსი საფრთხეს მთელ მსოფლიოს უქმნის
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, კორონავირუსი საფრთხეს მთელ მსოფლიოს უქმნის. ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან ლინდმეიერმა გააკეთა. მისი თქმით, „კოვიდ-19“ ყველა თუ არა, ქვეყნების უმეტესობაში გავრცელდება.
„ეპიდაფეთქება ფართოვდება. უკვე დიდი ხანია, გაფრთხილებთ ისეთი სცენარის შესახებ, როდესაც კორონავირუსი ყველა ქვეყენაში თუ არა, მათ უმეტესობაში მაინც გავრცელდება“, – განაცხადა ლინდმეიერმა.
როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, „კორონავირუსის გლობალური საფრთხე უმაღლეს ნიშნულზეა, თუმცა ვირუსის გადაცემის ჯაჭვის გაწყვეტის შემთხვევაში, კორონავირუსის შეკავება ჯერ კიდევ შესაძლებელია“.
ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ კორონავირუსთან ბრძოლის დროს უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს შიში და დეზინფორმაცია, რომელთა დაძლევაც აუცილებელია.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, კორონავირუსისგან მსოფლიო ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალი ხუთ ტრილიონ დოლარს აღემატება.
ამჟამად, „კოვიდ-19“ ყველა კონტინენტზეა გავრცელებული, ანტარქტიდის გარდა.
დღეს კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ისლანდიაში, მექსიკაში, ბელარუსში, ნიგერიასა და ახალ ზელანდიაში.
ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 80 000-ს აჭარბებს. 2 800 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა უმეტესობა ჩინეთის პროვინცია ხუბეიში ცხოვრობდა.