ჯადული იობაშვილი - საქართველოს ნაკრებში გოლი გატანაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა, ჯადული იობაშვილმა და ოთარ მამაგეიშვილმა მოლდოვასთან კიშინიოვში მოგებულ (1:0) შეხვედრაზე კომენტარი გააკეთეს.
შესარჩევი ჯგუფის მეორე მატჩში „დინამო თბილისის“ 19 წლის თავდამსხმელმაა ერთადერთი გოლით საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს მეორე გამარჯვება მოუტანა.
„რთული თამაში გამოვიდა, რასაც ნამდვილად ველოდებოდით, მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. რაც შეეხება ჩემს გოლს, ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან 21-წლამდელებში პირველად გავიტანე. ყველა გოლი მნიშვნელოვანია, მაგრამ საქართველოს ნაკრების მაისურით გატანილზე დიდი სიამოვნება არ არსებობს. ბევრი მომენტი გვქონდა, ბევრიც ვერ გავიტანეთ, მაგრამ ბოლოს მიზანს მაინც მივაღწიეთ. ჩემი აზრით, ამ შედეგს ვიმსახურებდით“, – ამბობს ჯადული იობაშვილი.
ოთარ მამაგეიშვილი: „ეს ჩვენი პირველი შეკრება იყო და ამიტომ ყველაზე მთავარი შედეგი გახლდათ, საქართველოში კი ჩვენ 6 ქულით ვბრუნდებით. ახალი დაკომპლექტებული გუნდი ვართ და ვფიქრობ, მინიმალური მიზანი შევასრულეთ. რა თქმა უნდა, სამუშაო ბევრია, მაგრამ ამას შემდეგ თამაშებში შევეცდებით. ჩემი აზრით, მეტოქე ყველა კომპონენტში დავჯაბნეთ. თუმცა, გასვლაზე ვთამაშობდით, მოლდოვა სუსტი არ არის და წნეხიც დიდი იყო. მთავარია, რომ მიზანს მივაღწიეთ“.
ორი ტურის შემდეგ, C ჯგუფში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 6 ქულით მეორე ადგილს იკავებს. ჯგუფის ლიდერ ნიდერლანდებსაც 6 ქულა აქვს, ხოლო 3 ქულით ჩრდილოეთ მაკედონია ჯგუფში მესამე ადგილზეა.
შემდეგ შეხვედრას ჩვენი ნაკრები 12 ოქტომბერს შინ ნიდერლანდებთან გამართავს.