რამაზ სვანაძე - ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოგება კარგია, მაგრამ მომენტების რეალიზება ისევ პრობლემად რჩება #1TVSPORT
რამაზ სვანაძე - ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოგება კარგია, მაგრამ მომენტების რეალიზება ისევ პრობლემად რჩება #1TVSPORT

რამაზ სვანაძემ კომენტარი გააკეთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან გამარჯვებაზე (1:0). საქართველოს 21-წლამდელების მთავარმა მწვრთნელმა გუნდის დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრა და პრობლემად მომენტების რეალიზაცია დაასახელა.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა წლის ბოლო მატჩი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში სტუმრად, სკოპიეში ჩაატარა და „გაგრისა“ და ახალგაზრდული ნაკრების მცველის, საბა მამაცაშვილის გოლით წელი გამარჯვებით დაასრულა – 0:1.

„უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ავიღეთ. რეალურად, ჩვენთვის ყველაზე მთავარი ის იყო, რომ სამშობლოში 3 ქულით დავბრუნებულიყავით და კარგია, რომ ეს შევძელით. რაც შეეხება თამაშს, უმძიმესი შეხვედრა გამოვიდა, თუ გავითვალისწინებთ, რა გარემოშიც მოგვიხდა გამოსვლა.

გარდა ქულებისა, შეხვედრაში იყო ეპიზოდები, სადაც საკმაოდ მაღალი ხარისხის თამაში ვაჩვენეთ, მაგრამ მომენტების რეალიზება ისევ პრობლემად რჩება. ბიჭებთან მქონდა ამ თემაზე საუბარი – მათ იციან, რომ ამაზე დამატებით ბევრი შრომა მოუწევთ, მომენტების ნახევარი მაინც რომ გამოვიყენოთ.

კარგია ის, რომ გარემოს და თამაშის სიმძიმის გათვალისწინებით, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ჩვენი გუნდის მენტალური მხარე ყველაზე კარგად გამოჩნდა. ეს სამი ქულა სამომავლოდ არის მნიშვნელოვანი, რადგან სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, თამაშები უნდა მოვიგოთ და მიზნის მისაღწევად ბოლომდე ვიბრძოლოთ“, – ამბობს რამაზ სვანაძე.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 5 მატჩის შემდეგ ჯგუფში 10 ქულით მეორე ადგილზეა. ჯგუფის სხვა მატჩები 20 და 21 ნოემბერს გაიმართება, სადაც შვედეთი ნიდერლანდებს უმასპინძლებს, ხოლო მოლდოვა კიშინიოვში გიბრალტარს დაუპირისპირდება.