რამაზ სვანაძე - სამწუხაროა, რომ შვედებთან ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები იზრდება #1TVSPORT
რამაზ სვანაძე - სამწუხაროა, რომ შვედებთან ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები იზრდება #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ კომენტარი გააკეთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში შვედეთთან ბათუმში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ფრედ დასრულდა – 0:0.

„დაძაბული შეხვედრა იყო – ამას ველოდით კიდეც. შვედეთი ძალიან კარგი გუნდია და ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. არ შემიძლია, არ აღვნიშნო ის თამაში, რაც ჩვენ ვითამაშეთ და ამაზე ბიჭებთან გასახდელში ვისაუბრე.

დასანანია, რომ საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ბოლო ორ მატჩში, არა მარტო შვედებთან, ნიდერლანდებთანაც საკმაოდ ბევრი საგოლე შანსი გვქონდა, მაგრამ სამწუხაროა, რომ ვისარგებლეთ. ამაზე სამუშაო გვაქვს და ეს ბიჭებმაც იციან.

თამაშის შინაარსს რაც შეეხება, რეალურად რაც დაგეგმილი გვქონდა, ის შევასრულეთ – როგორც დაცვაში, ასევე შეტევით ფაზაში. სამწუხაროა, რომ ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ – ეს შვედებთან თამაშმაც გამოაჩინა, რომ ახალ თაობასთან ერთად სწორი მიმართულებით მივდივართ და თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით.

წელს ერთი მატჩი დაგვრჩა ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩასატარებელი და იქაც, რა თქმა უნდა, მაქსიმალური მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ წელს სულ სხვა გუნდი ვიქნებით, რადგან უკეთ შევთამაშდებით და პლუს დაგვემატებიან ტრავმირებული თავდამსხმელები, რომლებიც ძალიან გვჭირდება“, – ამბობს რამაზ სვანაძე.

ოთხი მატჩის შემდეგ, საქართველოს და შვედეთის ახალგაზრდული გუნდები ჯგუფში 7 ქულით მეორე და მესამე ადგილს იკავებენ, ხოლო პირველადგილოსან ნიდერლანდებს 12 ქულა აქვს. შემდეგ შეხვედრას რამაზ სვანაძის გუნდი – 16 ნოემბერს, სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ ჩაატარებს.