ჯაბა ჯიღაურმა „გრენობლი“ დატოვა 
ჯაბა ჯიღაურმა „გრენობლი“ დატოვა 

ჯაბა ჯიღაურმა „გრენობლი“ დატოვა. საქართველოს ნაკრების 26 წლის ნახევარმცველმა ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

საფრანგეთის ლიგა2-ის „გრენობლში“ ჯიღაურს მცირე სათამაშო დრო ჰქონდა და გადაწყვეტილება ამის გამო მიიღო.

„გუნდთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებდა, მაგრამ თამაში არ მიწევდა და დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა. ნაკრების წევრი ვარ და ასეთი მდგომარეობა არ მაკმაყოფილებდა“, – ამბობს ჯიღაური.

საქართველოს პირველ არხთან 26 წლის ნახევარმცველმა განაცხადა, რომ საქართველოში თამაშს არ აპირებს.

„ჯერ კონკრეტული წინადადებები არ გამაჩნია, მაგრამ საქართველოში დაბრუნება არ მინდა. მთავარია, რომ თავისუფალი აგენტი გავხდი, მენეჯერიც არ მყავს და იმედია, მალე ისევ ევროპულ კლუბში ვითამაშებ“, – აცხადებს ჯიღაური.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ჯაბა ჯიღაური ლიგა 2-ის „გრენობლში“ შარშან ზაფხულში ჩაირიცხა. 26 წლის ფეხბურთელი თამაშობდა თბილისის „დინამოში“, საჩხერეს „ჩიხურაში“, „ვარდარსა“ და „ორდაბასში“.