„კასპიიდან“ ცოტა ხნის წინ წასული ჯაბა ჯიღაური კარიერას უზბეკურ „ნასაფში“ გააგრძელებს. ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„ნასაფის“ ცნობით, 31 წლის ჯიღაურმა უზბეკეთის ქალაქ კარშის გუნდთან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. „ნასაფი“ უზბეკეთის ჩემპიონატში 13 ტურის შემდეგ 24 ქულით მეოთხე ადგილზეა, ქულით ჩამორჩება ფერგანას „ნეფთჩის“ და ერთი მატჩი მარაგში აქვს.
აქტაუს „კასპიი” ჯაბა ჯიღაურმა ივლისის დასაწყისში გიორგი ფანცულაიასთან ერთად დატოვა.
ქართველმა ფეხბურთელმა ყაზახეთის პრემიერლიგაში 10 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ჯიღაურმა ყაზახეთის თასზეც ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. პორტალი Transfermarkt.com-ი მოთამაშეს 225 000 ევროდ აფასებს.