ივერი მელაშვილი - პროკურატურა ცდილობს, ჩემი განცხადებები თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, ყველა კითხვას აქვს პასუხი
ივერი მელაშვილი - პროკურატურა ცდილობს, ჩემი განცხადებები თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, ყველა კითხვას აქვს პასუხი

პროკურატურა ცდილობს, ჩემ მიერ ტელევიზიით გაკეთებული განცხადებები თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, ყველა კითხვას თავის პასუხი აქვს, – ამის შესახებ ივერი მელაშვილმა განაცხადა.

როგორც ივერი მელაშვილმა აღნიშნა, მისი განცხადებები ძალიან ცუდად ამოჭრეს.

„არა ბატონო, დავით გარეჯი რომ ჩვენია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ისტორიულად, კულტურულად ეთნოგრაფიულად, ყველანაირად. მაგაზე არ არის საუბარი. მე საუბარი მქონდა მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ხმამაღალი განცხადებები, პოპულისტური განცხადებები ვნებს დელიმიტაციის პროცესს და არა მარტო. ამაზე მქონდა ყურადღება გამახვილებული. სამწუხაროდ, ცუდად იქნა აღქმული, თითქოს სხვანაირად მიმაჩნია. არა ბატონო, მე ერთი ჩვეულებრივი ქართველი ვარ, რომელსაც არანაკლებად გული სტკივა სხვა ქართველებთან შედარებით“, – განაცხადა მელაშვილმა.

დავით გარეჯის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ დღეს განაცხადა, რომ ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებებს საქმეში დამატებით მტკიცებულებებად წარადგენს, რადგან ის ფაქტობრივად აღიარებს ჩადენილ ქმედებას.

ამასთან, გირაოთი გათავისუფლებულმა ივერი მელაშვილმა განაცხადა: „ვიღაც ბერი იქნება, თუ ერის წარმომადგენელი, მივა და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია, არ არის სწორი, არ არის შენი და არ დაგითმობს არასოდეს“.

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. გირაოს ოდენობა თითოეულისთვის 20 000 ლარს შეადგენს.

ბრალდების მხარე 30 000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობა ცვლილებებით დააკმაყოფილა. ამასთან, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების დაკავებულების თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 30 ნოემბერს გადასინჯა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.

პროკურატურამ მიერ 21 იანვარს საქმეზე ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ჩანაწერის მიხედვით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ.

დატოვე კომენტარი