ივერი მელაშვილი მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის განცხადებაზე - საზოგადოებამ იცის, რომ იყო მოლაპარაკებები პრეზიდენტების დონეზეც, არ მინდა, დეტალებში შევიდე, ყოფილმა პრეზიდენტმა გააკეთა კომენტარები
ივერი მელაშვილი მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის განცხადებაზე - საზოგადოებამ იცის, რომ იყო მოლაპარაკებები პრეზიდენტების დონეზეც, არ მინდა, დეტალებში შევიდე, ყოფილმა პრეზიდენტმა გააკეთა კომენტარები

საზოგადოებამ იცის, რომ იყო მოლაპარაკებები, მათ შორის, პრეზიდენტების დონეზე, – ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულმა, ივერი მელაშვილმა მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე, რას ცვლის საქმეში მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის 12 მაისის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ შეთანხმება შედგა და სიმაღლე რჩება აზერბაიჯანულ მხარეს, ივერი მელაშვილმა განაცხადა, რომ არ სურს, დეტალებში შევიდეს.

„შეგნებულად არ მინდა, დეტალებში შევიდე. ყველა აზრის წარმოთქმას თავისი აზრი აქვს. რა თქმა უნდა, იყო, ეს იცის საზოგადოებამ, რომ იყო მოლაპარაკებები, მათ შორის, პრეზიდენტების დონეზე, განხილული იყო ეს საკითხები. ყველაფერს თავისებური განმარტება აქვს“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

კითხვაზე, ადასტურებს თუ არა, რომ ასეთი შეთანხმება შედგა, ივერი მელაშვილმა აღნიშნა, რომ ამაზე თავად მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა კომენტარები.

„მე არ შემიძლია, ახლა მაგაზე კომენტარები გავაკეთო. თვითონ ყოფილმა პრეზიდენტმა გააკეთა კომენტარები. რა თქმა უნდა, იყო განხილვები რაღაც დონეზე, მათ შორის, მაგის თაობაზე“, – აღნიშნა მელაშვილმა.

კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადების შემდეგ კომისიამ თუ მიიღო რაიმე დირექტივა, რომ სწორედ ამ შეთანხმების ფარგლებში უნდა ემუშავა, ივერი მელაშვილმა განაცხადა, რომ საქმის დეტალებში ვერ შევა.

„გითხარით უკვე, რომ დეტალებში არ შევდივართ. სასამართლო მიმდინარეობს. ეს განხილვის საგანია. ერთადერთი, შემიძლია გითხრათ კიდევ ერთხელ, რაშიც ნამდვილად დარწმუნებული ვარ. ეს ისაა, რომ მეც და ნატალიაც უბრალოები ვართ ამ საქმეში“, – დასძინა ივერი მელაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის მაისში განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხი განიხილა. „ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენი სამუშაო ჯგუფები ერთმანეთს შეხვდებიან, საზღვრის ხაზი უნდა გაივლოს ისე, რომ სტრატეგიული სიმაღლე, რომელიც აზერბაიჯანს ქვეყნის შიგნით სჭირდება, აზერბაიჯანის ტერიტორიაში მოყვეს, ხოლო დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე უნდა დარჩეს“, – აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მაშინდელი პრეზიდენტის გვერდზე იძებნება. ამასთან, სააკაშვილის ეს განცხადება იძებნება საქართველოს პირველი არხის არქივშიც.