ივანე მაჭავარიანი თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე ფინანსურ სექტორში ინოვაციური რეფორმების შესახებ ისაუბრებს
ივანე მაჭავარიანი თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე ფინანსურ სექტორში ინოვაციური რეფორმების შესახებ ისაუბრებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაში „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ მიიღებს მონაწილეობას.

კონფერენციის ფარგლებში, ივანე მაჭავარიანი პრეზენტაციას გამართავს სპეციალურ პანელზე: „ინოვაციური რეფორმები ფინანსურ სექტორში“.

ფინანსთა მინისტრთან ერთად, პანელის სპიკერებად მიწვეული არიან ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი.

კონფერენციის ფარგლებში, ასევე გაიმართება დისკუსია, რომელიც  დაგროვებით საპენსიო რეფორმას და კაპიტალის ბაზრის განვითარებას მიეძღვნება. აღნიშნულ პანელში მონაწილეობას მიიღებენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, საპენსიო ფონდის თავმჯდომარე ლევან სურგულაძე და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო.

კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ დღეს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა. ფორუმს საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან.