ივანე მაჭავარიანი - ტარიფების სუბსიდირებისთვის 105 მილიონი მისხალ-მისხალ ავაგროვეთ, ჩემს ტელეფონზე კოლეგებისგან გზავნილები არ წყდებოდა
ივანე მაჭავარიანი - ტარიფების სუბსიდირებისთვის 105 მილიონი მისხალ-მისხალ ავაგროვეთ, ჩემს ტელეფონზე კოლეგებისგან გზავნილები არ წყდებოდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ ელექტროენერგიის დღევანდელ და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობის სუბსიდირების მიზნით, 105 მილიონი ლარი სხვადასხვა უწყებისთვის დაფინანსების შემცირების შედეგად მოგროვდა.

როგორც ჟურნალისტებს მაჭავარიანმა განუცხადა, ამ ეტაპისთვის ტარიფების სუბსიდირების თანხა შეფასებულია 105 მილიონ ლარამდე და მოხდება სუბსიდირება მთელი წლის განმავლობაში, რაც გაზრდილი ფასების ნამატის შემსუბუქება იქნება.

„სახელმწიფო დაფინანსების დაკლება თითქმის ყველა სამინისტროს შეეხება. სამწუხაროდ, ფუფუნება არ გვქონდა, რომ რომელიმე ერთი სფერო აგვერჩია და გვეთქვა, 100 მილიონით ამას ვამცირებთ და ჩავანაცვლებთ სუბსიდირებით. ეს თანხა სამინისტროებიდან მისხალ-მისხალ ავაგროვეთ. ამ უწყებებისთვის საკმაოდ მტკივნეული იყო, რადგან არავის ჰქონდა ზედმეტი ფული. პრაქტიკულად, ყველა მინიმუმამდე იყო დასული, თუმცა სიტუაცია არის არასტანდარტული და სოციალურად ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობას ვუხდი კოლეგა მინისტრებს, რომლებმაც ეს გაიზიარეს და ადეკვატური რეაგირება მოახდინეს. 105 მილიონი მისხალ-მისხალ ავაგროვეთ. ზოგ სამინისტროს 5 მილიონი მოაკლდა, ასევე ზოგიერთ პროგრამას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი თანხა მოაკლდა და ეს იოლი საქმე არ არის. სხვათა შორის, ჯანდაცვიდან აქითკენ 60 მილიონი გადმოვიდა. დეფიციტი არ გაგვიზრდია, ეს არ არის დამატებითი ხარჯი, რაც მთავარია. ეს არის არსებული, წარდგენილი ბიუჯეტის ფარგლებში მოზიდული თანხები. ამას შიდა ეკონომიები უნდა დავარქვათ. თითოეული უწყებისთვის ეს საკმაოდ მტკივნეულია და ჩემს ტელეფონზე გზავნილები არ წყდებოდა ჩემი კოლეგებისგან, რომლებისთვისაც ეს მტკივნეულია. მათ გაგებისთვის მადლობას ვუხდი“, – აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ 2021 წლის განმავლობაში მოქალაქეები დენის ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ. მისი თქმით, მთავრობა დღევანდელ და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობას, 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის დაასუბსიდირებს.