ივანე მაჭავარიანი - მალე ბიუჯეტის კორექტირებით გამოვალთ და ხარჯებს გავზრდით, ეს სტიმულირების ერთ-ერთი მექანიზმია
ივანე მაჭავარიანი - მალე ბიუჯეტის კორექტირებით გამოვალთ და ხარჯებს გავზრდით, ეს სტიმულირების ერთ-ერთი მექანიზმია

ქამრების შემოჭერა არის სხვა, სტიმულირების პოლიტიკა კი, არის მაღალი ხარჯვის პოლიტიკა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სავარაუდოდ ფინანსთა სამინისტრო მალე სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს წარადგენს, სადაც ხარჯები გაზრდილი იქნება. მინისტრის შეფასებით, ხარჯის ზრდა ეკონომიკის სტიმულების ერთ-ერთი მექანიზმია.

„ეკონომიკური გუნდი ერთად უნდა შევჯერდეთ, ასევე მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება, სერიოზული ზომები მივიღოთ მიმდინარე პანდემიის შერბილებასთან დაკავშირებით. ქამრების შემოჭერა არის სხვა პოლიტიკა, სტიმულირების პოლიტიკა არის მაღალი ხარჯვის პოლიტიკა. ამ შემთხვევაში, ქამრების შემოჭერის პოლიტიკა არ მუშაობს. ალბათ, ჩვენ გამოვალთ ძალიან მალე ბიუჯეტის კორექტრირებით, გვექნება არა თუ შემცირებული, არამედ გაზრდილი ხარჯები და მიგვაჩნია, რომ ესეც სტიმულირების ერთ-ერთი მექანიზმია“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მთავრობის ეკონომიკურ გუნდს დაავალა, უახლოეს პერიოდში ეკონომიკური სტიმულირების გეგმა წარადგინოს.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი ბიზნესის სტიმულირების კომპლექსურ გეგმას ძალიან მალე წარადგენს.