გიორგი გახარიამ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს დაავალა, უახლოეს პერიოდში ეკონომიკური სტიმულირების გეგმა წარადგინოს
გიორგი გახარიამ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს დაავალა, უახლოეს პერიოდში ეკონომიკური სტიმულირების გეგმა წარადგინოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ეკონომიკური სტიმულირების გეგმის წარდგენა დაავალა, რომელიც ხვალიდან განხორციელდება.

ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან ერთად, მთავრობის ვალდებულებაა, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე იზრუნოს.

„დღეს ჩვენი გამოწვევა და ვალდებულებაა, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, თუმცა ამასთან ერთად, ყველას კარგად გვესმის, ასევე პრიორიტეტის, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ეფექტიანად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელებით შეიძლება, ჩვენს ეკონომიკას მიადგეს.

ეკონომიკურ გუნდს ევალება, უახლოეს პერიოდში შემუშავებული გეგმის სახით წარმოგვიდგინონ ეკონომიკური სტიმულირების კონკრეტული გეგმა, რომელიც ხვალიდან განხორციელდება. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან კარგად გვესმის, რომ გარდა ჯანმრთელობისა, ჩვენ გვაქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისა და მათი სოციალური უზრუნველყოფის წინაშე, ისევე, როგორც ქვეყნის შემდგომი განვითარების წინაშე“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, ახალი კორონავირუსი გლობალური გამოწვევაა, თუმცა ის დროებითია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს აღნიშნულ გამოწვევაზე ეფექტიანი პასუხისთვის.

„გვესმის, რომ ეს არის გლობალური გამოწვევა, მაგრამ დროებითი გამოწვევაა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ამ გლობალური გამოწვევის წინაშე საქართველოს პასუხი იყოს ეფექტიანი“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.