ივანე მაჭავარიანი - სამარცხვინოა, როდესაც ზოგიერთი ბიზნესი თავის მედიას შანტაჟის იარაღად იყენებს და გადასახადიდან თავის არიდებას ცდილობს
ივანე მაჭავარიანი - სამარცხვინოა, როდესაც ზოგიერთი ბიზნესი თავის მედიას შანტაჟის იარაღად იყენებს და გადასახადიდან თავის არიდებას ცდილობს

საქართველოს ხელისუფლება არასოდეს ყოფილა ბიზნესის მიმართ ასეთი მეგობრული და არც მედია ყოფილა ასეთი თავისუფალი, როგორც ეს ჩვენი ხელისუფლების პირობებშია, – ეს განცხადება ფოთში მყოფმა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, სახელმწიფოს შანტაჟის ენით ვერავინ დაელაპარაკება.

„სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ მიუღებელია და ვიტყოდი მეტსაც, რომ სამარცხვინოა მედიას ამოფარებული ზოგიერთი ბიზნესი, როდესაც თავის მედიას იყენებს შანტაჟის იარაღად და ცდილობს, გადასახადიდან თავი აირიდოს. სახელმწიფოს ვერავინ და ვერ დაელაპარაკება შანტაჟის ენით. ეს არის ხალხის ფული და კეთილი ინებონ და გადაიხადონ“,-აღნიშნა მაჭავარიანმა.

ტელეკომპანია „იბერიის“ მენეჯმენტი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. „იბერია“ სატელეფონო ჩანაწერსაც ავრცელებს, რომელშიც სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ტელეკომპანია „იბერიისა“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქრიაშვილს ესაუბრება.

ამასთან, გასულ კვირას ტელეკომპანია „იბერიამ“ საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „იბერიას“ გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო. კომპანია „ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია „იბერია“, პარალიზებულია.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელი კომპანია შპს „ოჯთ“ არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც ბიუჯეტის წინაშე 50 მილიონ ლარზე მეტი ვალი ერიცხება, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. თანხის გადაუხდელობის გამო კი, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები – ინკასო და ყადაღა.