ივანე მაჭავარიანი - „ოჯთს“ დავალიანება ორჯერ გადაუნაწილდა, მაგრამ გადახდის გრაფიკი არც ერთხელ არ შესრულებულა
ივანე მაჭავარიანი - „ოჯთს“ დავალიანება ორჯერ გადაუნაწილდა, მაგრამ გადახდის გრაფიკი არც ერთხელ არ შესრულებულა

არა ერთი შეთავაზების მიუხედავად, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანია „ოჯთ“ არ თუ ვერ ახერხებს საგადასახადო ვალდებულებების შემცირების მისაღები გრაფიკის შემოთავაზებას, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც მან „ომეგა ჯგუფში“ შემავალ, სიგარეტის მწარმოებელ კომპანია  „ოჯთ-ის“ საგადასახადო დავალიანების შესახებ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფოს აქვს ვალდებულებები ასობით ათასი პენსიონერის, სამხედრო მოსამსახურის, სოციალურად დაუცველისა და პედაგოგების წინაშე.

„ვერც ერთ შემთხვევაში, სახელმწიფო, მთავრობა ვერ დაუშვებს, რომ ამ ვალდებულებების შესრულებას შეექმნას საფრთხე. ასეთ საფრთხეს კი ქმნიან სწორედ ისეთი კომპანიები, როგორც არის მაგალითად, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი თამბაქოს მწარმოებელი კომპანია „ოჯთ“. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში, არ გვაქვს საგადასახადო დავა, ეს არ არის საგადასახადო შემოწმების შედეგად წარმოქმნილი ვალდებულება – ეს არის გატანილი სააქციზო მარკების არგადახდის შედეგად წარმოქმნილი დავალიანება,“ – განმარტა ფინანსთა მინისტრმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, კომპანიამ ორჯერ მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დავალიანების გადანაწილების მიზნით, შემდგარიყო გრაფიკი.

„ორივეჯერ ასეთი გრაფიკი შედგა, თუმცა არც ერთხელ არ შესრულებულა. გარდა ამისა, კომპანიამ 11-ჯერ მოგვმართა თხოვნით არ გამოგვეყენებინა იძულებითი ღონისძიებები და ეს მოთხოვნაც 11-ჯერვე დაკმაყოფილდა. თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ ვალი შემცირებულიყო, ბოლო სამი წლის განმავლობაში მისი მოცულობა გაიზარდა და მიაღწია 51 მლნ ლარზე მეტს.

ჩვენ ვერ დავუშვებდით აღნიშნული ვალის შემდგომ ზრდას. როგორც აღვნიშნე, კომპანიასთან გვქონდა არა ერთი შეთავაზება სხვადასხვა ტიპის გრაფიკზე, გვქონდა შეხვედრებიც, თუმცა ამ ეტაპზე კომპანია არ თუ ვერ ახერხებს საგადასახადო ვალდებულებების შემცირების მისაღები გრაფიკის შემოთავაზებას,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

ტელეკომპანია „იბერიამ“ დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ,,იბერიას“ გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო. კომპანია ,,ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია ,,იბერია“, პარალიზებულია.

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,  „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელი კომპანია შპს „ოჯთ“ არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც ბიუჯეტის წინაშე 50 მილიონ ლარზე მეტი ვალი ერიცხება, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. თანხის გადაუხდელობის გამო კი, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები – ინკასო და ყადაღა.