ივანე მაჭავარიანი - მთავრობასა და ეროვნულ ბანკს არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ ყველა ინსტრუმენტი აქვს, ამ პროცესში მარტო არ ვართ
ივანე მაჭავარიანი - მთავრობასა და ეროვნულ ბანკს არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ ყველა ინსტრუმენტი აქვს, ამ პროცესში მარტო არ ვართ

მთავრობასა და ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს, ეროვნულ ბანკში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, მსოფლიო ეკონომიკა საკმაოდ მნიშვნელოვანი გლობალური შენელების წინაშე დგას, რაც საქართველოს ეკონომიკაზეც აისახება.

„ყველაზე დიდ დარტყმას მსოფლიო მასშტაბით ტურისტული და მასთან მომიჯნავე სექტორები მიიღებენ. ამ კუთხით, საქართველო შედარებით მოწყვლადია, რადგან ეს დარგები ჩვენი ეკონომიკის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. გარდა ამისა, ჩვენთვის საკმაოდ ნეგატიური ფაქტორია ნავთობის გლობალური ფასების კოლაფსი. ამან დამატებითი გამოწვევების წინაშე დააყენა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. თუმცა, მთავრობასა და ეროვნულ ბანკს, გააჩნია ყველა ინსტრუმენტი ამ გამოწვევებზე საპასუხოდ და ჩვენ ამ პროცესში მარტო არ ვართ“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, ამ დღეების განმავლობაში გაიმართა ინტენსიური კომუნიკაცია პარტნიორებთან, საერთაშორისო და ორმხრივ დონორ ორგანიზაციებთან, რომლებთან ერთადაც  ეკონომიკის მხარდაჭერის კომპლექსური ღონისძიებები შემუშავდება.

დღეს ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა, სელიმ ჩაქერმა ერთობლივი განცხადება ფეისბუქ-ლაივით გააკეთეს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 18 მარტის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.0 პროცენტს შეადგენს. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაზრდის თხოვნით მიმართა.