ივანე მაჭავარიანი - კომპანია „ოჯთ“ ბოროტად სარგებლობდა და სპეკულირებდა, რომ ადგილობრივი წარმოებაა, დასაქმებული ჰყავს რამდენიმე ასეული ადამიანი
ივანე მაჭავარიანი - კომპანია „ოჯთ“ ბოროტად სარგებლობდა და სპეკულირებდა, რომ ადგილობრივი წარმოებაა, დასაქმებული ჰყავს რამდენიმე ასეული ადამიანი

პირველივე დღიდან, როდესაც ფინანსთა მინისტრის თანამდებობა დავიკავე, ჩემთვის ცხადი იყო, რომ „ომეგა ჯგუფის“ კომპანია „ოჯთ“ ბოროტად სარგებლობდა და სპეკულირებდა იმით, რომ არის ადგილობრივი წარმოება, დასაქმებული ჰყავს რამდენიმე ასეული ადამიანი, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, ივანე მაჭავარიანს კითხვა დაუსვეს „იბერიას“ მიერ გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებზე, რომელშიც სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ტელეკომპანია „იბერიისა“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს ესაუბრება.

„პირველი დღიდანვე, როდესაც ეს პოზიცია დავიკავე, ჩემთვის ცხადი იყო, რომ კომპანია „ოჯთ“ ბოროტად სარგებლობდა და სპეკულირებდა იმით, რომ ადგილობრივი წარმოებაა, დასაქმებული ჰყავს რამდენიმე ასეული ადამიანი. ბოროტად სარგებლობდა იმ ლოიალობით, რომელსაც მათ მიმართ იჩენდა სახელმწიფო და წლიდან წლამდე ძალიან მნიშვნელოვნად ზრდიდა ვალს. არ ვიცი, სად არის ეს სატელეფონო ჩანაწერი გაკეთებული, მაგრამ ვერანაირად ვერ გამოდგება იმის გამართლებად, რომ არ იხდიდნენ გადასახადს, ვერ გამოდგება შანტაჟის საშუალებად“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც ივანე მაჭავარიანმა განაცხადა,  კომპანია „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით არასდროს არავისთან ჰქონია საუბარი და არავის არაფერი დაუვალებია.

„არ ვიცი, ლევან ყიფიანი რა სტატუსით იყო „ომეგასთან“ ასოცირებული. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არავის, არასდროს ამ თემასთან დაკავშირებით ჩემთან არ ჰქონია საუბარი. არც იმის შესახებ, რომ რამე შევუმსუბუქოთ ან პირიქით. ჩვეულებრივად, მოვედი და დავხედე ციფრებს, მივხვდი, რომ ამის გაგრძელება იყო შეუძლებელი. როგორც მინიმუმ, გადავწყვიტე, სააქციზო მარკები აღარ გავატანოთ და შემდეგ მოვიკითხე, რა ღონისძიებები უნდა გავატაროთ, რათა ეს დაგროვილი ვალი ამოვიღოთ. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, არავისთან ამ თემაზე საუბარი არ მქონია და არავის არაფერი დაუვალებია“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა რესტრუქტურიზაციის პროცესზეც ისაუბრა.

„რესტრუქტურიზაციის იდეაა, გაუყინო ვალი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროცენტები არ ერიცხება. რესტრუქტურიზაციაზე როდესაც გამოდის საკითხი, უნდა ნახო, რა პოტენციალი და რა შესაძლებლობები აქვს. იმ პარამეტრებით, რაც აქვთ, რესტრუქტურიზაცია არ ერგებოდათ. ზუსტად ამაზეა საუბარი, რომ სახელმწიფომ დახუჭა თვალი და უთხრა, დაანებე ამ რესტრუქტურიზაციას, გრაფიკი შევთვაზეთ. ახლა გვეუბნებიან, რატომ არ გამიკეთეთ რესტრუქტურიზაცია. ამაზე უკეთესი რამ გავუკეთეთ.

რამდენჯერმე მოვისმინე, რომ მინისტრი იტყუება. ციფრები არ იტყუებიან. ძალიან ბევრ ადგილობრივ ბიზნესს ზოგჯერ ობიექტურადაც ექმნება პრობლემები. ჩვენ ვითვალისწინებთ იმ შემთხვევებს, როცა მათ ობიექტურად ექმნებათ პრობლემები, მაგალითად, საერთაშორისო ბაზარზე მოხდა ფასების რყევა, ან რაიმე მსგავსი, ვცდილობთ, შეღავათი გავაკეთოთ. ზუსტად ამ კონტექსტში იყო მათი პრობლემების გათვალისწინება, თუმცა, ჩემი აზრით, ეს გათვალისწინებაც ძალიან დიდხანს გაგრძელდა და ცოტა უფრო ადრე უნდა მიგვეღო მკაცრი ზომები.

რესტრუქტურიზაციის სანაცვლოდ, ფინანსთა სამინისტროს მეორე გზა თვითონ კომპანიამ შემოგვთავაზა. იმ გრაფიკში არაფერი შევცვალეთ, დავუდასტურეთ, მოვიწონეთ და თვითონვე არ შეასრულა. სხვა რა გზა არსებობს, ავდგეთ და ხალხის ფული, 50 მილიონი ვაჩუქოთ?“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

7 სექტემბერს ტელეკომპანია „იბერიამ“ საგანგებო განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „იბერიას“ გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო. კომპანია „ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია „იბერია“, პარალიზებულია.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,  „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელი კომპანია შპს „ოჯთ“ არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც ბიუჯეტის წინაშე 50 მილიონ ლარზე მეტი ვალი ერიცხება, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. თანხის გადაუხდელობის გამო კი, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები – ინკასო და ყადაღა.