ივანე მაჭავარიანი - ინფლაცია არ არის საგანგაშო, ეროვნულმა ბანკმა უკვე მოახდინა რეაგირება
ივანე მაჭავარიანი - ინფლაცია არ არის საგანგაშო, ეროვნულმა ბანკმა უკვე მოახდინა რეაგირება

ინფლაცია საქართველოში არ არის საგანგაშო და ეროვნულმა ბანკმა უკვე მოახდინა რეაგირება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განუცხადა.

„ჩვენ ამ ფაქტს ვაღიარებთ, თვალს ვუსწორებთ, რომ ლარის გაუფასურების კვალდაკვალ მოხდა ინფლაციური პროცესების გააქტიურება. ნიშნულები არ არის საგანგაშო, თუმცა ეროვნულმა ბანკმა უკვე მოახდინა რეაგირება. საკმაოდ მძლავრი და ეფექტური ნაბიჯები გადაიდგა, ჩემი აზრით და არანაირი საფუძველი არ გვაქვს, არ დავიჯეროთ, რომ მომავალი წლის გაზაფხულიდან მოხდება ინფლაციის მიზნობრივ ნიშნულამდე დაყვანა და შემდეგ ის გააგრძელებს ქვემოთ სვლას. ამის ყველა წინაპირობა არის და ამას ხელს უწყობს ეროვნული ბანკისა და მთავრობის პოლიტიკა“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

საქსტატის მონაცემებით, ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 6.9 პროცენტს მიაღწია, რაც 2017 წლის ივნისის შემდეგ მაქსიმალური ნიშნულია.

ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, წლის ბოლოსთვის ინფლაცია 7.2 პროცენტს მიაღწევს.