ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 6.9 პროცენტი შეადგინა, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 13.5 პროცენტით გაძვირდა  
ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 6.9 პროცენტი შეადგინა, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 13.5 პროცენტით გაძვირდა  

საქართველოში 2019 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ რამდენიმე ჯგუფზე, მათ შორის სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 13.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.02 პროცენტული პუნქტით აისახა.

აღნიშნული ჯგუფიდან ხილი და ყურძენი 26.9 პროცენტით არის გაძვირებული, რძე, ყველი და კვერცხი – 16.0 პროცენტით, თევზეული – 15.8 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 14.7 პროცენტით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 13.7 პროცენტით, ბოსტნეული და ბაღჩეული – 12.4 პროცენტით, ასევე პური და პურპროდუქტები – 11.0 პროცენტით.

ამასთან, წლიურად ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაზრდილია 13.8 პროცენტით, რაც 0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე – 26.8 პროცენტით, ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე – 3.0 პროცენტით.

დასვენება, გართობა და კულტურა – ფასები ოქტომბერში წლიურად 7.3 პროცენტით გაიზარდა, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.41 პროცენტული პუნქტი შეადგინა. 6.3 პროცენტით გაძვირდა გასართობი და კულტურულ მომსახურება.

ამასთან ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.0 პროცენტიანი მატება, რაც 0.36 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე 8.1 პროცენტით, პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე – 3.1 პროცენტით და სატრანსპორტო მომსახურებაზე 1.7 პროცენტით.

გარდა ამისა, საქსტატის ინფორმაციით, სასტუმროები, კაფეები და რესტორნების ჯგუფში კი, ფასები მომატებულია 6.9 პროცენტით, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. მათ შორის 8.3 პროცენტით გაძვირდა საზოგადოებრივი კვება.

ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, თამბაქოს გარეშე წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა სამომხმარებლო ფასების 6.2 პროცენტიანი ზრდა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2019 წლის ოქტომბერში გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 4.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.4 პროცენტით განისაზღვრა.