ივანე მაჭავარიანი - ჩვენი მიზანია, შევქმნათ თანამედროვე ცოდნის დონითა და ტექნოლოგიური განვითარებით კონკურენტუნარიანი ქვეყანა
ივანე მაჭავარიანი - ჩვენი მიზანია, შევქმნათ თანამედროვე ცოდნის დონითა და ტექნოლოგიური განვითარებით კონკურენტუნარიანი ქვეყანა

ჩვენი მიზანია, საზოგადოებასთან, კერძო სექტორთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობარ ქვეყნებთან თანამშრომლობით, შევქმნათ თანამედროვე ცოდნის დონითა და ტექნოლოგიური განვითარებით კონკურენტუნარიანი ქვეყანა, ამ პროცესში სტუდენტებს, მომავალ თაობას უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოში პირველი გამოშვების საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის წინსვლა, მოქალაქეთა კეთილდღეობა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი მონაწილეობა, მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა, უპირველესად ცოდნას უნდა დაეფუძნოს.

„ახალგაზრდობის ინტელექტის, უნარებისა და შესაძლებლობების სრულად გამოყენება, ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევის უმთავრესი წინაპირობაა. მით უფრო, თანამედროვე მსოფლიოში, როდესაც ცოდნისა და ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე გვაყენებს,“- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების სფეროთა მუდმივი სრულყოფა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების მხარდაჭერა, ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია.

სან დიეგოს უნივერსიტეტის საქართველოში კურსდამთავრებულთა პირველი ნაკადის გამოსაშვები  ღონისძიება  რუსთაველის თეატრში გაიმართა. ღონისძიებაზე კურსდამთავრებულებს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართა.