სალომე ზურაბიშვილი - საქართველოში სან დიეგოს უნივერსიტეტის ამერიკული ბაკალავრიატის პროგრამები მომავალზე გათვლილი ინვესტიციაა
სალომე ზურაბიშვილი - საქართველოში სან დიეგოს უნივერსიტეტის ამერიკული ბაკალავრიატის პროგრამები მომავალზე გათვლილი ინვესტიციაა

თბილისში, რუსთაველის თეატრში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოში კურსდამთავრებულთა პირველი გამოსაშვები ცერემონია გაიმართა.

55 კურსდამთავრებულს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ამერიკული საბაკალავრო დიპლომი გადაეცა კომპიუტერული ინჟინერიის, ელექტრული ინჟინერიის და ქიმია-ბიოქიმიის დარგში.

სან დიეგოს უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია კალიფორნიაში. ამჟამად, უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამაზე საქართველოში 600-მდე სტუდენტი სწავლობს.

კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

„ეს არის დიდი მიღწევა, რომ მოგეცათ საშუალება, თქვენს ქვეყანაში, თქვენს ოჯახებთან შეძელით მიგეღოთ ის განათლება, რომლისთვისაც აქამდე ქვეყნიდან გასვლა  იყო საჭირო, ზოგჯერ რთულ პირობებში, თავად ვიცი, როგორი მძიმე შეიძლება იყოს ეს, როცა ახალგაზრდა ხარ. აღნიშნული შესაძლებლობა ჩვენ აშშ-ს მთავრობამ და საქართველოს მთავრობამ მოგვცა. მადლობას მოვახსენებ ჩვენს პარტნიორებს ხანგრძლივი მხარდაჭერისთვის,  რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა განახორციელა. როცა საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, მოვაწერე ხელი პირველ კომპაქტს და ამით ძალიან ვამაყობ დღემდე. დღეს უკვე 140 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რომელიც მეორე კომპაქტის ფარგლებში შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში. განათლებაში ინვესტირებით საქათველოს ეკონომიკური განვითარებას ემსახურება მეორე კომპაქტი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკული ბაკალავრიატის პროგრამების საქართველოში განხორციელება ეკონომიკაში ჩადებული და მომავალზე გათვლილი სერიოზული ინვესტიციაა.

„ჩვენ დავიწყეთ ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საინჟინრო,  ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო მიმართულებით. ეს ის მიმართულებებია, რომელიც მთავარი არის ეკონომიკური წინსვლისთვის. ახლა მთავარია, სათანადო ცოდნით აღჭურვილ ახალგაზრდებს მიეცეთ შესაძლებლობა, თავისი რესურსების რეალიზებისთვის. მათი განათლება უნდა მოხმარდეს ეკონომიკის წინსვლას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.