ივანე მაჭავარიანი - აზიის განვითარების ბანკი ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორია, პანდემიის პირობებში მათთან თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
ივანე მაჭავარიანი - აზიის განვითარების ბანკი ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორია, პანდემიის პირობებში მათთან თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

აზიის განვითარების ბანკი (ADB) ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორია და პანდემიის პირობებში მათთან თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა აზიის განვითარების ბანკთან სასესხო შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ.

სასესხო შეთანხმების ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკისგან „კოვიდ-19“-ზე საგანგებო რეაგირებისა და დანახარჯების მხარდამჭერი პროგრამის განსახორციელებლად, საქართველო 92,302,000 ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს მიიღებს.

დოკუმენტს აზიის განვითარების ბანკის მხრიდან საქართველოში ბანკის  მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, შეინ როზენტალმა მოაწერა ხელი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დაფინანსება მოხმარდება პანდემიით შექმნილი ვითარების ეკონომიკური ხარჯების შემსუბუქებას, მაკროეკონომიკური პირობებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის  გაუმჯობესებას, ძირითადი აქცენტი გაკეთდება მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე, რომელთა საარსებო წყაროზე პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

ხელშეკრულება, ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.

აზიის განვითარების ბანკმა 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი საქართველოსთვის მიმდინარე წლის 28 მაისს დაამტკიცა.