აზიის განვითარების ბანკმა საქართველოსთვის 100 მილიონი აშშ დოლარის სესხი დაამტკიცა
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოსთვის 100 მილიონი აშშ დოლარის სესხი დაამტკიცა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა საქართველოს მთავრობის დასახმარებლად ახალი კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის გავრცელების შეჩერების, ბიზნესზე უარყოფითი ზემოქმედების შერბილებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მათ შორის ქალებისა და ბავშვებისთვის საარსებო საშუალებების შესანარჩუნებლად.

ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.

„საქართველოს, მნიშვნელოვანი სავაჭრო და ტურისტული ჰაბის ჯანდაცვა და ეკონომიკა „კოვიდ-19“-მა დიდი რისკის წინაშე დააყენა. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს პანდემიის საპასუხო ქმედებებში და ეს კომპლექსური პაკეტი ქვეყნისთვის აუცილებელ სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებს მოხმარდება. იგი აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის ათ წელზე ხანგრძლივ თანამშრომლობას ემყარება ფისკალური მენეჯმენტისა და სოციალური დაცვის მიმართულებით, რაც ეკონომიკის პოსტპანდემიური გაჯანსაღების მთავარი ფაქტორებია“, –  განაცხადა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ.

ბანკი აღნიშნავს, რომ მოწყვლადი ჯანდაცვის სისტემის დასაცავად საქართველომ დაავადების გავრცელების შემაკავებელი ნაბიჯების გადადგმა იანვარში დაიწყო, მაგრამ პანდემიამ ეკონომიკა მნიშვნელოვნად დააზარალა. გადაადგილების შეზღუდვამ ტურიზმის სექტორს განსაკუთრებული დარტყმა მიაყენა და შედეგად გასული წლის მარტთან შედარებით საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა თითქმის 60 პროცენტით შემცირდა.

„კოვიდ-19“-ის აქტიური საპასუხო და ხარჯვითი დახმარების (CARES) პროგრამა საბიუჯეტო დახმარებას გაუწევს მთავრობას და დააფინანსებს მის კომპლექსურ ანტიკრიზისულ გეგმას. დაფინანსება მოიცავს 4000-ზე მეტი მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესისთვის გადასახადების გადავადებასა და მინიმუმ, 2000 მცირე და საშუალო სასტუმროსთვის კრედიტის სუბსიდირებას.

მთავრობის სოციალური დახმარების მექანიზმების დაფინანსებით სესხი მოწყვლადი ჯგუფების დაცვასაც მოხმარდება, რაც მოიცავს პანდემიის გამო სამსახურის დაკარგვის რისკის ქვეშ მყოფი 350,000 დასაქმებულის დროებით ფულად ხელშეწყობას; ერთჯერად ფულად დახმარებას 250,000 არაფორმალურად ან თვითდასაქმებული ადამიანისთვის, 1.2 მილიონი ოჯახისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას და ფასების ექვსთვიან დაფიქსირებას ცხრა ძირითად პროდუქტზე.

დაავადების გავრცელების შესაკავებლად, სესხი ხელს შეუწყობს „კოვიდ-19“-ის უფასო დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსებას, მათ შორის ღარიბი მოსახლეობისთვის, ვისაც ჯანდაცვის ხარჯები განსაკუთრებით მძიმე ტვირთად აწვება. მთავრობის „კოვიდ-19“ ვებპორტალი საჯარო რეკომენდაციების კარგი წყაროა მათ შორის ორსულობის, მშობიარობისა და ძუძუთი კვების შესახებ“, – ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, აზიის განვითარების ბანკის შეფასებით, „კოვიდ-19“-ის წინაშე განსაკუთრებით დაუცველი არიან ქალები, რომლებიც საქართველოს ტურიზმისა და პანდემიის წინა ხაზზე მომუშავე სამედიცინო პერსონალის დაახლოებით 60 პროცენტს წარმოადგენენ. აზიის განვითარების ბანკის სესხით კი, შესაძლებელი გახდება პირადი დამცავი აღჭურვილობის შეძენა სამედიცინო პერსონალისთვის, მათ შორის მდედრობით სქესის წარმომადგენლებისთვის და ფულადი დახმარების გაცემა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისა და ბავშვებისთვის. მთავრობის საგადასახადო და საკრედიტო სუბსიდირების გეგმის მონაწილე 6000-მდე ტურისტული და სასტუმრო ბიზნესიდან ერთ მესამედზე მეტი ქალების საკუთრებაშია, ან ქალების მიერაა მართული.

აზიის განვითარებს ბანკის CARES პაკეტი შეიქმნა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა განვითარების პარტნიორებთან ერთად საქართველოში „კოვიდ-19“-ის კრიზისის დაძლევის კოორდინირებული მუშაობის ფარგლებში.

სესხი დაფინანსებულია აზიის განვითარების ბანკის ანტიციკლური დახმარების პროგრამის „კოვიდ-19“-ის პანდემიის საპასუხო ოფციის (CPRO) საშუალებით. CPRO 13 აპრილს გამოცხადებული ADB-ის 20 მილიარდ დოლარიანი გაფართოებული დახმარების ნაწილია განვითარებად წევრ ქვეყნებში „კოვიდ-19“-ზე რეაგირებისთვის.

აზიის განვითარების ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავ აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდან არის წარმოდგენილი.

დატოვე კომენტარი