ივანე მაჭავარიანი - არ არსებობს დღეს უფრო მთავარი თემა, ვიდრე განათლების რეფორმასთან დაკავშირებული ინიციატივაა
ივანე მაჭავარიანი - არ არსებობს დღეს უფრო მთავარი თემა, ვიდრე განათლების რეფორმასთან დაკავშირებული ინიციატივაა

არ არსებობს დღეს უფრო მთავარი თემა, ვიდრე განათლების რეფორმასთან დაკავშირებული ინიციატივაა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ახალი ინიციატივის „განათლება-გზა თავისუფლებისკენ“ შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ძალიან გაბედული ნაბიჯი გადადგა, რომელიც მომავალში ქვეყნის კეთილდღეობასა და სიღარიბის დაძლევას შეუწყობს ხელს.

„როგორც წესი, ჩვენი ზომისა და შემოსავლების მქონე ქვეყანა, ერიდება, ამა თუ იმ სფეროში საკანონმდებლო დონეზე გაწეროს ვალდებულება, თუმცა მჯერა, ეს არის ძალიან გაბედული ნაბიჯი, რომელიც მომავალში ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასა და სიღარიბის დაძლევას შეუწყობს ხელს. ინიციატივა ითვალისწინებს განათლების ბიუჯეტის თანდათანობით ზრდას და 2022 წლისთვის მშპ-ს 6 პროცენტიან ნიშნულამდე მიღწევას. ეს მოცულობა დღეს არსებული საგადასახადო შემოსავლების მეოთხედზე მეტია“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ივანე მაჭავარიანის თქმით, აღნიშნული მონაცემების უკან მრავალმხრივი რეფორმა დგას – ახალი სკოლების მშენებლობა და არსებულის რეაბილიტაცია, მათი აღჭურვა უახლესი ტექნიკით.

„ამავდროულად, გათვალისწინებულია მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება, პედაგოგთა ხელფასის მნიშვნელოვანი ზრდა ისე, რომ აღნიშნული პროფესია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი იყოს, საუკეთესო ძალები და ახალგაზრდები მოდიოდნენ ამ პროფესიაში“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე შეფასებით, განათლების დონის გაზრდა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

„ჩვენ ავამაღლებთ აღნიშნული პროფესიის პრესტიჟს, განათლების დონეს და ამით ავწევთ ეკონომიკას, რადგან დღეს ის ქვეყნებია მოწინავე და მათ აქვთ ეკონომიკური ზრდა, როლებშიც ადამიანური კაპიტალი არის მაღალ დონეზე. ეს სხვადასხვა ინდექსით იზომება, მათ შორის, მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის ინდექსით. დღეს აღნიშნულ ინდექსში 61-ე ვართ. ჩვენი მიზანია, ამ რეფორმის დაწყების შემდეგ, უახლოეს 10-12 წელიწადში, ადამიანური კაპიტალის ინდექსის ნაწილში მსოფლიო ათეულში ვიყოთ“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ დღეს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში წარადგინა. ახალი კონცეფციის თანახმად, განათლების სფეროს დაფინანსება ყოველწიურად გაიზრდება, 2022 წლისთვის მაქსიმუმს მიაღწევს და მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი იქნება.