ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ მოსახლეობის დასახმარებლად რამდენიმე ვარიანტი განიხილება
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ მოსახლეობის დასახმარებლად რამდენიმე ვარიანტი განიხილება. ამის შესახებ მან პრემიერ-მინისრტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, აღნიშნული ვარიანტების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი. მისივე თქმით, არის საუბარი მაგალითად დენის ვაუჩერებზე; იქნება საუბარი ბიზნესთან საშემოსავლოს ნაწილში დათმობებზე, რათა მათ თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდა განაგრძონ.
„სამწუხაროდ, ერთი ზომა ყველას არ ყოფნის, რადგან თვითდასაქმებულებთან დაკავშირებით სხვა სიტუაციაა, მსხვილს კომპანიებში ვინც არის დასაქმებული და ვისაც დიდი ხელფასი ჰქონდა, მათ დანაზოგი აქვთ და მათთან სხვანაირი მოდელი უნდა იყოს. შესაბამისად, ჩვენ ჩვენს ბიუჯეტს ამ სოციალური მიზანშეწონილობის პრობლემატიკის გათვალისწინებითაც ვაკეთებთ, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ ვლაპარაკობთ ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე. ვიცით, გვჯერა და ასეც იქნება, რომ ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. შემდგომში შენელებული ეკონომიკა როგორ უნდა დასტიმულირდეს და რა საშუალებებით, ამაზე ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ ჩვენს დონორ ორგანიზაციებთან. დღევანდელ დღეს თქვენ ისმენთ ბევრ სხვადასხვა ტიპის, სოციალური მხარდაჭერის შეთავაზებებს. ჩვენ აბსოლუტურად ყველას ვისმენთ, ვაანალიზებთ, ვთვლით.
ეს უნდა იყოს სწორად მიზნობრივი, მაქსიმალურად სწორად მოიცვას ის ჯგუფები, ვინც ყველაზე უფრო დაზარალდა ეს ერთი და მეორე, ეს შესაძლებელი უნდა იყოს ფიზიკურად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გვერდზე დგანან ჩვენი უცხოელი პარტნიორები, სესხის მოზიდვაც შეგვიძლია და ამას ვიზამთ, ვაკეთებთ კიდეც“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.