ივანე ჩხაიძე - ვფიქრობ, სამშაბათს ინფიცირების მაჩვენებელი 26 000-ზე მაღალი იქნება და საქართველო გაიმეორებს ევროპის ქვეყნების უმრავლესობის მაჩვენებელს
ივანე ჩხაიძე - ვფიქრობ, სამშაბათს ინფიცირების მაჩვენებელი 26 000-ზე მაღალი იქნება და საქართველო გაიმეორებს ევროპის ქვეყნების უმრავლესობის მაჩვენებელს

ვფიქრობ, სამშაბათს ინფიცირების მაჩვენებელი 26 000-ზე მაღალი იქნება, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„თუ სამშაბათს ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი იქნება 26 000-ზე ნაკლები, ჩვენ შეგვეძლება, მეტ-ნაკლებად თამამად ვთქვათ, რომ 26 000 იყო ინფიცირების ყველაზე მაღალი რიცხვი, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ სამშაბათს ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება და საქართველო გაიმეორებს ევროპის ქვეყნების უმრავლესობის მაჩვენებელს – ხუთჯერ მეტი ადრე არსებულ მაქსიმუმთან შედარებით. ეს არის სადღაც, 28-30 000 ინფიცირებული დღე-ღამის განმავლობაში. იმედი დავიტოვოთ, 2 თებერვლის მაჩვენებელი მაქსიმუმი იყო და შემდეგი დღეების მანძილზე ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდება, თუმცა „ომიკრონი“ იმდენად არაპროგნოზირებადია და მატება იმდენად მაღალია, რომ უფრო მეტი ალბათობით, მომდევნო კვირას ეს რიცხვი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება“, – განაცხადა ჩხაიძემ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რა შემაკავებელი ზომები შეიძლება, აღმოჩნდეს შედეგიანი ასეთი უკონტროლო გავრცელების დროს, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ „ომიკრონს“ სხვანაირად შეიძლება, დავარქვათ უკონტროლო გავრცელების მუტაცია და მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, მის გავრცელებას კონტროლი გაუწიოს.

„რა ღონისძიებებიც არ უნდა მიიღონ, „ომიკრონი“ მაინც გავრცელდება და სწორედ უკონტროლოდ ვრცელდება. სხვანაირად, ეს მუტაცია არც ხასიათდება. ეს არის მისი ძირითადი თვისება. ჩვენზე მდიდარი, განვითარებული და მეტი შესაძლებლობების, მათ შორის, აკრძალვების მქონე ქვეყნებში გაცილებით რთული მდგომარეობაა, ვიდრე საქართველოში. ისინიც ცდილობდნენ კონტროლს, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ყველამ აღიარა, რომ ეს კონტროლი არის უშედეგო. ამკრძალავი ღონისძიება „ომიკრონზე“ არ მოქმედებს“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მისი თქმით, ის, რაც ახლა გვჭირდება და უცილებლად გვაკლია, არის კონტროლი პირბადის ტარებაზე.

„ჩვენ თუ არ გვაქვს „მწვანე პასპორტი“, ხელს ვერ ვუწყობთ ვაქცინაციას და ჯერ არის ვაქცინაციის ეს ეროვნული გეგმა, რომლის ამოქმედებას ველოდებით, ალბათ, პირბადის ტარების კონტროლი იქნება ერთ-ერთი, თუ არა ერთადერთი ქმედითი მექანიზმი, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლის გარკვეულწილად შემცირების თვალსაზრისით“, – განაცხადა ჩხაიძემ.

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ ვაქცინაცია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

„თქვენ თუ გაიკეთებთ ვაქცინას და ეს არის მესამე, დამატებითი დოზა, 99,8%-ით ხართ დაცული გარდაცვალებისგან. ერთი პროცენტი არის რისკი იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებსაც 65 წელზე მეტი ასაკი, ქრონიკული დაავადებები და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვთ“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მაკა ცინცაძის კითხვაზე, რამდენად დატვირთულია ჰოსპიტალური სექტორი დღეს, ინფიცირების კატასტროფულად მაღალი მაჩვენებლების ფონზე, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ დღეს ქვეყანაში არის 207 000 აქტიური შემთხვევა და აქედან, 200 000-ზე ცოტა მეტი არის ბინაზე, ან ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ.

„ჰოსპიტალში დღეს, ჯამში, 8 200 საწოლია და აქედან, 1 980 საწოლი არის თავისუფალი. დიდი იმედი გვაქვს, „ომიკრონის“ დროს სტაციონალურ და ამბულატორიულ სექტორს შორის თანაფარდობა ასე დარჩება. ჯერჯერობით, ნამდვილად არ გვაქვს არანაირი საფრთხე, რომ მომდევნო დღეების და კვირების განმავლობაში სტაციონარული საწოლების დეფიციტი შეგვექმნას. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ამბულატორიულ სექტორზე ზეწოლა და ჯანდაცვაზე დატვირთვა არის წამოუდგენლად დიდი“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მისივე თქმით, ვირუსის მასშტაბური გავრცელების პირობებში პირველადი ჯანდაცვის მედპერსონალს მუშაობა ძალიან დატვირთულ რეჟიმში უწევს.

კითხვაზე, აქვს თუ არა იმუნიზაციის ახალი ეროვნული გეგმის შესრულების მოლოდინი, ჩხაიძემ აღნიშნა, თუ ამაში მონაწილეობას მიიღებს ყველა რგოლი, ვისაც შეუძლია, მოსახლეობაზე გარკვეული ზემოქმედება და ზეგავლენა მოახდინოს, გეგმა შესრულდება.

„ზეგავლენაში აუცილებლად ვგულისხმობ ინფორმაციის სწორად მიწოდებას და მაგალითის მიცემას“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.