ივანე ჩხაიძე - სავარაუდოდ სექტემბერ-ოქტომბერში გვექნება შესაძლებლობა, ვილაპარაკოთ, არის თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ეფექტური 6 თვის ზემოთ ასაკის ბავშვებშიც
ივანე ჩხაიძე - სავარაუდოდ სექტემბერ-ოქტომბერში გვექნება შესაძლებლობა, ვილაპარაკოთ, არის თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ეფექტური 6 თვის ზემოთ ასაკის ბავშვებშიც

ძალიან სწრაფად, ალბათ შემოდგომისთვის ჩვენ გვექნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია, არის თუ არა რეკომენდებული ბავშვებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბავშვებში ვაქცინაციაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია თუ იქნება, არც საქართველო აღმოჩნდება გამონაკლისი.

ამასთან, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ ჯერჯერობით ბავშვებში იმუნიზაცია სულ რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს.

„ბავშვთა ვაქცინაცია ჯერჯერობით აქტიურად მიმდინარეობს სულ რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, გამორჩეულია ამერიკის შეერთებული შტატები, რომელმაც პირველმა დაიწყო ბავშვთა ვაქცინაციის პროცესი 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. დღეისათვის აშშ-ში ამ ასაკობრივი ჯგუფის 25 პროცენტი, ანუ ყველა მეოთხე არის ვაქცინირებული. კვლევის შედეგების გათვალისწინებით, იგეგმება ასაკის გაფართოება და სავარაუდოდ სექტემბერ-ოქტომბერში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ვილაპარაკოთ არის თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ეფექტური 6 თვის ზემოთ ასაკის ბავშვებშიც. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი წლის ბოლომდე დადებითად იქნება გადაწყვეტილი. ჯერჯერობით საკითხი ეხება „ფაიზერის“ ვაქცინას, რომელმაც ეს კვლევები უკვე დიდი ხანია, დაიწყო და წარმატებით მიმდინარეობს. ასევე ამ საკითხზე მუშაობს „მოდერნა“, „ასტრაზენეკა“. ასე რომ, ძალიან სწრაფად, ალბათ შემოდგომისთვის ჩვენ გვექნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია, არის თუ არა რეკომენდებული ბავშვებში ვაქცინა და არის თუ არა სხვა პრიორიტეტი გარდა ასაკისა. როგორც კი ჩვენ გვექნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია, საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი, ყველა ქვეყანა წავა ამ გზით“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ