ივან რაკიტიჩმა არ გამორიცხა ხორვატიის ნაკრებში დაბრუნება #1TVSPORT
ივან რაკიტიჩმა არ გამორიცხა ხორვატიის ნაკრებში დაბრუნება #1TVSPORT

ხორვატიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა, რომელიც დღეს „ალ-შაბაბში“ თამაშობს, არ გამორიცხა ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება.

უფრო ადრე, გერმანიის ნაკრებში დაბრუნდა 34 წლის ტონი კროოსი.

„პირველ რიგში, პატივს ვცემ ტონის გადაწყვეტილებას. მე დამირეკეს და დავილაპარაკეთ. ეს სიმართლეა. პირველი, რაც მათ ხორვატიაში მითხრეს ის იყო, რომ თუ ტონის შეუძლია ამის გაკეთება, მაშინ მეც შევძლებ. მე არ ვფიქრობ ამაზე. პირველ რიგში პატივისცემის გამო, რადგან მიმაჩნია, რომ ბიჭებმა, რომლებმაც შეძლეს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, იმსახურებენ იქ თამაშს.

მინისტრმაც მიმიწვია. ორი კვირის შემდეგ ისინი აბუ დაბიში იქნებიან ამხანაგური მატჩების სათამაშოდ. მათ მთხოვეს, რომ ნაკრებთან ერთად ვიყო. ხორვატიის ნაკრებს ყოველთვის შეუძლია ჩემი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.

იმედია, რომ ჩემი თამაში საჭირო არ გახდება, მაგრამ თუ რამე მოხდა და მე მათ მინდორზე დავჭირდები. რა თქმა უნდა, 100 პროცენტით გუნდის გვერდით ვიქნები. ჯერჯერობით კი ლუკა და სხვები მოწოდების სიმაღლეზე არიან. ისინი ამას იმსახურებენ, რადგან შესარჩევი მატჩები ითამაშეს, ყოველდღე იბრძოდნენ. ვიმეორებ, თუ რაიმე მოხდება, მათ შეუძლიათ ჩემი იმედი ჰქონდეთ და ეს მთელმა ხორვატიამ იცის. არ შემიძლია უარის თქმა, ეს შეუძლებელია. ჩვენ ბრწყინვალე გუნდი გვყავს“, – მოჰყავს რაკიტიჩის სიტყვები გაზეთ Marca.

35 წლის ივან რაკიტიჩმა ნაკრებიდან წასვლის შესახებ 2020 წლის 21 სექტემბერს გამოაცხადა.