იუვენტუსმა ბერგამოში 0:3 წააგო და იტალიის თასიდან გავარდა
იუვენტუსმა ბერგამოში 0:3 წააგო და იტალიის თასიდან გავარდა

იტალიის ჩემპიონმა იუვენტუსმა შიდა არენაზე სეზონში პირველი მატჩი წააგო. სერია A-ს ლიდერი ქვეყნის თასის მეოთხედფინალში სტუმრად 0:3 განადგურდა ატალანტასთან.

ეს შეხვედრა იტალიის ჩემპიონატის ორი სნაიპერის – კრიშტიანუ რონალდუსა და დუვან საპატას დაპირისპირების გამოც იწვევდა ინტერესს. ფორვარდებს სერია A-ში 15-15 გოლი აქვთ გატანილი, ამჯერად კი მხოლოდ კოლუმბლიელმა შეძლო გატანა, თანაც დუბლი შეასრულა, პორტუგალიელს კი ერთი ზუსტი დარტყმაც არ ჰქონია.

საპატამ 39-ე და 86-ე წუთებზე გამოიჩინა თავი, მანამდე ტიმოტი კასტანამაც გაიტანა შჩესნის კარში და იტალიის თასის გათამაშება მთავარი ფავორიტის გარეშე დარჩა.

ბოლოს იუვენტუსმა ასეთი ანგარიშით რონალდუს რეალთან, მანამდე კი მესის ბარსელონასთან წააგო.

ტურინელებისთვის ცუდი ამბავი იყო ისიც, რომ ტრავმა მიიღო ჯორჯო კიელინიმ და ვადაზე ადრე დატოვა მოედანი. მანამდე, ჩემპიონატში დაშავდა ლეონარდო ბონუჩი. ასე რომ, ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ მერვედფინალს იუვენტუსი ორი წამყვანი მცველის გარეშე ხვდება.

ატალანტა ნახევარფინალში ფიორენტინას შეხვდება, რომელმაც 7:1 გაანადგერა შინ რომა.