იუტა ველის უნივერსიტეტის პოლიციის უფროსი - ღონისძიებაზე, რომელსაც 3000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა, ექვსი ოფიცერი იმყოფებოდა
იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ექვსი ოფიცერი იმყოფებოდა, – ამის შესახებ უნივერსიტეტის პოლიციის უფროსმა განაცხადა.
ჯეფ ლონგის თქმით, ღონისძიებას სულ 3000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. ის აღნიშნავს, რომ ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ სამოქალაქო ფორმაში მყოფი ოფიცრებიც, თუმცა ზუსტი რაოდენობა არ დაუსახელებია.
ასევე, შემთხვევის ადგილზე თავად ჩარლი კირკის პირადი დაცვაც იმყოფებოდა, რომელმაც კირკი საავადმყოფოში გადაიყვანა.
„ჩვენ წვრთნას გავდივართ მსგავსი სიტუაციებისათვის. და ფიქრობ, რომ ყველაფერი გვაქვს გათვალისწინებული. და ამგვარი რამ, სამწუხაროდ, მაინც ხდება. ცდილობ, ყველა რისკი წინასწარ გაითვალისწინო, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ეს ვერ შევძელით და ამის გამო მოხდა ეს ტრაგიკული შემთხვევა“, – განაცხადა ლონგმა.
კონსერვატორი კომენტატორი ჩარლი კირკი, რომელსაც იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს, დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, კირკი პრეზენტაციას ატარებდა, როცა ესროლეს. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის ცნობით, ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.
კირკი, რომელიც დონალდ ტრამპის მოკავშირედ მიიჩნეოდა, კონსერვატიული სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვანელი იყო.