იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა დღეს საქალაქო სასამართლოში გაიმართება
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა დღეს საქალაქო სასამართლოში გაიმართება

იუსტიციის უმაღლესი საბჭო გასვლით სხდომას თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართავს. მსგავსი ფორმატით საბჭო სხდომას მეორედ ატარებს. პირველი გასვლითი შეკრება ბორჯომში, რამდენიმე თვის წინ შედგა.

საბჭოს ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოში შეკრების მიზეზი დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხის მიმართ დიდი ინტერესია, რომლის განხილვაზე დასწრების სურვილი ბევრმა გამოთქვა.

საკითხი პარლამენტის ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვას ითვალისწინებს. ინიციატივის მიხედვით, რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს.

ჯერ უცნობია, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საბჭოს წევრების გარდა ვინ გამოთქვა დასწრების სურვილი. სხდომას სავარაუდოდ მოსამართლეები დაესწრებიან.

აღნიშნული საკითხის გარდა, საბჭო სულ ხუთ საკითხზე იმსჯელებს. მათ შორის ის საკითხებია, რომელიც გასული კვირას სხდომის გაურკვეველი მიზეზით გადადების გამო, საბჭომ ვერ განიხილა.

სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.