იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს გასაუბრება მოსამართლეებთან, რომლებსაც 3- წლიანი ვადა ეწურებათ
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მიმდინარეობს გასაუბრება მოსამართლეებთან, რომლებსაც თანამდებობაზე ყოფნის 3- წლიანი ვადა ეწურებათ.
აღნიშნული კანდიდატები, გამოსაცდელ პერიოდში საბჭოს მოსამართლე და არამოსმაართლე წევრების მიერ, ყოველწლიურად ფასდებიან. დღეს საბჭო კანდიდატთა თვითშეფასებას მოისმენს.
გასაუბრების პროცესში რვა მოსამართლე მონაწილეობს. პროცესს აფასებს საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. მისი თქმით, დღეს გასაუბრებაზე ისეთი მოსამართლეებიც გამოდიან, რომლებმაც ინტერნეტში, მოსამართლეთა შიდა ქსელში თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოწოდების შემდეგ, საბჭოს არამოსამართლე წევრების, ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის მიმართ, უარყოფითი მოსაზრებები დააფიქსირეს.
ჯანეზაშვილის თქმით, ეს განცხადებები არ გახდება კანდიდატთა შეფასების ძირითადი კრიტერიუმი, თუმცა, მისივე თქმით, აღნიშნული ქმედება მოსამართლის დამოუკიდებლად აზროვნებასთან პირდაპირ კავშირშია.
„როდესაც საუბარი იყო ინტერნეტში, მოსამართლეები ჩემი და ანა დოლიძის წინააღმდეგ სხვადასხვა მოსაზრებებს წერდნენ, მათ შორის უვადო დანიშვნებთან დაკავშირებით. ჩემთვის ერთგვარად ესეც არის განმაპირობებელი, თუ რამდენად დამოუკიდებლად აზროვნებს მოსამართლე. მოგეხსენებათ, ვასილ მშვენიერაძემ მოუწოდა მოსამართლეებს, რომ დაეწერათ მოსაზრებები, იგულისხმება საწინააღმდეგო მოსაზრებები ჩემსა და ანა დოლიძის მიმართ. მოხდა ისე, რომ ეს მოსამართლეები დღეს გამოდიან გასაუბრებაზე. ეს არ იქნება ჩემთვის შეფასების კრიტერიუმი, მაგრამ იქნება იმის განმაპირობებელი, რამდენად რამდენად თავისუფალია მოსამართლე, როდესაც ის ასეთ განცხადებებს აკეთებს შიდა ქსელში. მე ამის შესახებ აუცილებლად დავსვამ შეკითხვას”,-აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.
საბჭოს მოსამართლე წევრს აქვს მოლოდინი, რომ საბჭო დღეს გასაუბრებაზე გასულ მოსამართლეთა უმრავლესობას თანამდებობაზე უვადოდ გაამწესებს.
„ეს არის პროცესი, რომელიც ეხება 3-წლიან ვადაში მყოფი მოსამართლეების დანიშვნას უვადოდ. სტატისტიკურად თუ შევხედავთ, აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ ასეთი კატეგორიის მოსამართლეებისთვის საბჭოს ეთქვა უარი, როგორც წესი ყველა ინიშნება თანამდებობაზე”,- განმარტა ნაზი ჯანეზაშვილმა.