იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ მიმართავენ ყველა ზომას, რათა რუსეთმა დეპორტირებულების საქმეზე დაკისრებული ვალდებულებები შეასრულოს
იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ მიმართავენ ყველა ზომას, რათა რუსეთმა დეპორტირებულების საქმეზე დაკისრებული ვალდებულებები შეასრულოს

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები მიმართავენ ყველა ზომას, რათა რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები, – ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა, საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნინო ნიკოლაიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, დეპორტირებულების საქმეზე შემდეგი დებატები უახლოეს სხდომაზე, კერძოდ, 2020 წლის მარტში ჩაინიშნა.

„2019 წლის სექტემბრის სხდომის მსგავსად, დეკემბრის სხდომაზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გაიზიარა საქართველოს მთავრობის არგუმენტები და რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, კომპენსაციის სახით საქართველოსთვის 10 მილიონი ევროს დაუყოვნებლივ გადახდისკენ. ამასთანავე, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, მინისტრთა კომიტეტმა დააკმაყოფილა საქართველოს მთავრობის მოთხოვნა და დეპორტირებულების საქმეზე შემდეგი დებატები უახლოეს სხდომაზე, კერძოდ, 2020 წლის მარტში ჩაინიშნა.

მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები მიმართავენ ყველა ზომას, რათა რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები, რის შესახებაც საზოგადოება მუდმივად იქნება ინფორმირებული“, – განაცხადა ნინო ნიკოლაიშვილმა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2019 წლის 3-5 დეკემბერს საქართველოს მოთხოვნით ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულების პროცესი განმეორებით შეაფასა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, დეპორტირებულთა საქმეზე კომპენსაცია დაუყოვნებლივ გადაიხადოს.