იუსტიციის სახლში უძრავი ქონება 1326-მა მესაკუთრემ დააზღვია
იუსტიციის სახლში უძრავი ქონება 1326-მა მესაკუთრემ დააზღვია

იუსტიციის სახლში მომხმარებლები უძრავი ქონების დაზღვევის სერვისით ამ დრომდე 1326-მა მოქალაქემ ისარგებლა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, იუსტიციის სახლში აღნიშნული სერვისი 2017 წლიდან გაიცემა. უძრავი ქონების შეძენის პარალელურად მისი დაზღვევის სერვისის დანერგვის იდეა იუსტიციის სახლს ეკუთვნის; პარტნიორი სადაზღვევო კომპანია კი, აუქციონის წესით შეირჩა და მასში „ალფამ“ გაიმარჯვა.

იუსტიციის სახლის მომხმარებლებს უძრავი ქონების რემონტის დაზღვევა წელიწადში 90 ლარად შეეძლებათ, რაც თვეში 7.50 ლარს შეადგენს.

ქონების რეგისტრაციის შემდეგ მოქალაქეებს სადაზღვევო კომპანიების ოფისებში გამოცხადება არ უწევთ.

პოლისი ითვალისწინებს ისეთი ხშირი რისკების დაზღვევას, როგორიცაა მეზობლის ბინიდან წყლის ჩამოსვლა; დატბორვა, რომელიც გამოწვეულია გათბობის სისტემის დაზიანებით, კანალიზაციის და წყალგაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლით; უხვთოვლიანობა, წყალდიდობა, სეტყვა, მიწისძვრა, ქარიშხალი, მეხის დაცემა, შტორმი; ხანძარი, აფეთქება, დაზიანება კვამლით (რომელიც შედეგად მოჰყვა ხანძარს); ასევე, მესამე პირის მიერ განზრახ მიყენებული ზიანი; ვანდალიზმი; მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა − მესამე პირისთვის დატბორვით, ხანძრით ან აფეთქებით მიყენებული ზიანი.

უძრავი ქონების რემონტის დაზღვევის პოლისის შეძენა შეუძლია საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს, რომელთაც ქონება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აქვთ რეგისტრირებული.