იურიდიული ფირმა BLB - ამ ეტაპზე ნონა გაფრინდაშვილის გამარჯვება უმნიშვნელოვანესია, მოსამართლემ „ნეტფლიქსს“ უთხრა, რომ საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში თავის დაცვა მოუწევს
ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის ინტერესების დამცველ იურიდიულ ფირმა BLB-ში აცხადებენ, რომ კალიფორნიის სასამართლოს შუალედური გადაწყვეტილება, რომელმაც არ დააკმაყოფილა „ნეტფლიქსის“ შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, ამ ეტაპზე, უმნიშვნელოვანესია.
„ვულოცავთ ქალბატონ ნონას და საქართველოს ამ გამარჯვებას. ეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაა ამ ეტაპზე და ნონას ბრძოლის მთავარი ეტაპი. ქალბატონი ნონა ინსპირაცია იყო მუდამ და მან კიდევ ერთი გამარჯვებული პარტია შექმნა. ეს სპეციფიკური საქმეა და სამართლებრივად განსაკუთრებული ქეისია. სამართლებრივად საინტერესო პრეცედენტი შეიქმნა“, – აცხადებს კომპანიის მთავარი პარტნიორი კახა შარაბიძე.
ამასთან, კომპანიის პარტნიორის, მაია მწარიაშვილის თქმით, მოსამართლემ „ნეტფლიქსს“ უთხრა, რომ მოუწევს, თავი დაიცვას არსებითი განხილვის ფარგლებში.
„ვულოცავ მეც მთელ საზოგადოებას ამ დიდ გამარჯვებას. იურისტები კიდევ უფრო ხვდებიან ამ ამბავს, თუ რამდენად დიდი გამარჯვებაა. ქალბატონ ნონას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ მისი ღირსების საქმე გვანდო ჩვენ. ეს ჩვენთვის დიდი პატივია. რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება – ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ „ნეტფლიქსი“ დასვა საჭადრაკო დაფასთან. ეს ნიშნავს, რომ „ნეტფლიქსს“ არ უნდოდა დავაში შესვლა და შეეძლო, აერიდებინა დავა. მოსამართლემ უთხრა, რომ უნდა დაჯდეს და ითამაშოს ეს პარტია ქალბატონ ნონასთან. მოსამართლემ უთხრა მას, რომ მოუწევს, თავი დაიცვას არსებითი განხილვის ფარგლებში.
მთავარი რამ, რაც ქართულ საზოგადოებაშიც იყო დებატების და განხილვის თემა – მხატვრულ ნაწარმოებში შეიძლება თუ არა დააზიანო რეალური ადამიანი? ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ თქვა, რომ „ნეტფლიქსს“ არ აქვს უფლება ამ არგუმენტით დაიცვას თავი და ასეთი პრეცედენტი არ არსებობს. ის, რომ მხატვრულია ნაწარმოები, არ არის დაცვა, რომ ამ ქუდით დააზიანო რეალური ადამიანის პატივი, ღირსება. ჩვენი შესაგებლის ხაზს სრულად იზიარებს სასამართლო. „ნეტფლიქსის“ პოზიცია იყო, რომ ფრაზას არ აქვს პრეტენზია სინამდვილის დადგენაზე, არგუმენტი იყო, რომ ეს არ არის დეფამაციური შინაარსით; ასევე არგუმენტი იყო, რომ ჩვენ, მოსარჩლე მხარე ვერ ვადასტურებთ ბოროტ განზრახვას ან უხეშ დაუდევრობას და ის, რომ ობიექტური მაყურებელი არ გამოიტანდა ამ აზრს ამ სიუჟეტიდან. ყველა არგუმენტი გაჭრა სასამართლომ. გადაწყვეტილებაში საინტერესო მსჯელობებია. სასამართლომ თქვა, რომ „ნეტფლიქსის“ მტკიცებულებები მის წინააღმდეგ მუშაობსო. მთავარი, რაც გვინდოდა, გვეთქვა და რაც ღირებულია ჩვენთვის -მოგეხზენებათ სარჩელის მერე ქალბატონ ნონას ამაზე არასოდეს უსაუბრია. გამოქვეყნდა მხოლოდ „ნიუ იორკ ტაიმსში“ მისი ინტერვიუ. ის მოგვყვებოდა ფეხდაფეხ და იმდენად დარწმუნებულია გამარჯვებაში, არასოდეს აფორიაქებულა ამ ხნის მანძილზე. ამიტომ ჩათვალა, მიმართოს საზოგადოებას, მაგრამ ამ კოვიდვითარების გამო – ამ წუთას მისი ოჯახის წევრებსაც აქვთ, წინა კვირას ძმა გარდაეცვალა და მის ოჯახს ჰქონდა გარკვეული კონტაქტები – ამიტომ მან ეს დღეს ვერ შეძლო და მის წერილობით მიმართვას ვავრცელებთ“, – აღნიშნა მაია მწარიაშვილმა.
ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი მიმართვაში აცხადებს: „ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია, დიახ, ვარ ქართველი, მთელი კარიერის განმავლობაში ვეთამაშებოდი მამაკაც მოჭადრაკეებს და ხშირად ვამარცხებდი მათ“.