იურიდიულ კომიტეტში ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების გახანგრძლივების შესახებ მომზადებულ ცვლილებებზე იმსჯელებენ
იურიდიულ კომიტეტში ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების გახანგრძლივების შესახებ მომზადებულ ცვლილებებზე იმსჯელებენ

საქართველოს პარლამენტი მიმდინარე კვირაში დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომელიც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საქმეებზე გამოძიების 25-წლიანი ვადის კიდევ ხუთი წლით გახანგრძლივებას გულისხმობს. კანონპროექტზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იმსჯელებენ.

საკანონმდებლო ცვლილებები მას შემდეგ მომზადდა, რაც ზვიად გამსახურდიას შვილებმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმის გამოძიების ვადის გახანგრძლივება მოითხოვა.

გამსახურდიას საქმის გამოძიების ვადა 31 დეკემბერს იწურება, რადგან არსებული კანონმდებლობით, თუ გამოძიება დანაშაულს 25 წლის განმავლობაში ვერ გახსნის, საქმეს ხანდაზმულის სტატუსი ენიჭება და იხურება.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, სამომავლოდ კანონმდებლობაში კიდევ ერთი ცვლილება იგეგმება.

„კომიტეტი დაჩქარებული წესით იწყებს განხილვას ცვლილების, რომელიც უკავშირდება გამსახურდიას სისხლის სამართლის საქმეს, რომ გამოძიება არ შეწყდეს ხანდაზმულობის მოტივით. კომიტეტი დაიწყებს განხილვას, რათა ამ კვირაშივე მოვასწროთ ცვლილებების მიღება. ამით არ დასრულდება პროცესი. ჩვენ ვგეგმავთ სხვა საკანონმდებლო ცვლილებას, სხვა მუხლში ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებით. ასევე, ოჯახთან გვქონდა კონსულტაცია. საჭირო იქნება დიალოგი გამოძიების შემდეგ ეტაპებთან დაკავშირებით, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ხუთწლიანი ვადის გახანგრძლივება უკავშირდება იმას, რომ ამ დღეებში არ შეწყდეს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება. შემდეგ ეტაპზე კიდევ ერთ ცვლილებას ვგეგმავთ. ეს უკავშირდება ხუთი წლის ვადის გასვლის შემდეგ რომ არ დადგეს ეს საკითხი და პრობლემა არ დარჩეს. შემდეგ ცვლილებაზეც ვფიქრობთ და ვიმუშავებთ იურისტებთან ერთად“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

„სისხლის სამართლის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები ყველა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულზე გავრცელდება, როგორიცაა – მკვლელობა, ყაჩაღობა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ტერორისტული ხასიათის დანაშაულებები. ცვლილებების ავტორი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაა.

როგორც საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია აცხადებს, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე ხანდაზმულობის ვადა ხუთი წლით გახანგრძლივდება. თუმცა, ცოტნე გამსახურდიას თქმით, არსებული რესურსებით, ერთი გამომძიებელი და ერთი პროკურორი ამ საქმეს ვერ მოერევიან. გამსახურდიების ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, უფლებამოსილი საგამოძიებო ჯგუფის შექმნას ითხოვს.