„ლაიპციგის“ მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი, შესაძლოა, ხოსეპ გვარდიოლას მემკვიდრე გახდეს „მანჩესტერ სიტიში“, – ამის შესახებ დაწერა „დეილი მეილმა“.
წყაროს ცნობით, 33 წლის გერმანელი შეცვლის ესპანელ სპეციალისტს, თუ ეს უკანასკნელი უარს იტყვის კონტრაქტის გაგრძელებაზე, რომელსაც 2021 წლის ზაფხულში გასდის ვადა. გვარდიოლას ადგილზე კიდევ ერთი კანდიდატი არის „ტოტენჰემის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო.
ნაგელსმანი „ლაიპციგს“ 2019 წლის ზაფხულიდან ავარჯიშებს. გასულ სეზონში მისი ხელმძღვანელობით გერმანული კლუბი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მივიდა, ამ სეზონში კი „ლაიპციგი“ ბუნდესლიგის ხუთი ტურის შემდეგ, პირველ ადგილზეა ცხრილში.