იულია ტიმოშენკო ეგზიტპოლის შედეგებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა
იულია ტიმოშენკო ეგზიტპოლის შედეგებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი იულია ტიმოშენკო ეგზიტპოლის შედეგებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, პარტია „ბატკივშინამ“ საკუთარი სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვით, ვლადიმერ ზელენსკიმ ხმების 27 პროცენტი აიღო, თავად ტიმოშნეკოს 20.9 პროცენტი აქვს, მოქმედ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს კი მოსახლეობის 17.5 პროცენტმა დაუჭირა მხარი.

იულია ტიმოშენკომ მხარდამჭერებს მოუწოდა, ეგზიტპოლების შედეგები საბოლოო ჭეშმარიტებად არ მიიღონ, რადგან ეს მანიპულაციური ხერხია.

„დღეს ჩვენს ქვეყანაში არ არის დემოკრატია, ნამდვილი სოციოლოგია. მილიარდები დაიხარჯა ამომრჩევლების მოსასყიდად. ეგზიტპოლები მანიპულაციური და უსამართლო საშუალებაა. ვადასტურებ, რომ ჩვენი გუნდი ხმებს პარალელურად ითვლის და გამოცხადებას 24:00 საათიდან დავიწყებთ. ყველა ეს გაყიდული ეგზიტპოლები გამოითვალეს ჩვენი გუნდის დეზორგანიზების მიზნით. მივმართავ ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, არავითარი დეზორგანიზება, ყურადღება არ მიაქციოთ ამ გაყიდულ ეგზიტპოლებს“, – აღნიშნა იულია ტიმოშენკომ.

ეგზიტპოლის პირველადი შედეგებით, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ვლადიმირ ზელენსკისა და პეტრო პოროშენკოს შორის გაიმართება.