იტალიაში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში მდებარე საავადმყოფოებში ადგილებისა და ექიმების დეფიციტია. ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშიეითედ პრესი“ ავრცელებს.
როგორც სააგენტო წერს, ლომბარდიის რეგიონში მდებარე ქალაქ ლოდისა და კრემონში საავადმყოფოები გადავსებულია. ამიტომ, პაციენტებს სხვა სამკურნალო დაწესებულებებში მისვლას სთხოვენ.
შექმნილი მდგომარეობის გამო, ლომბარდიაში მდებარე კერძო კლინიკების ნაწილმა მზადყოფნა გამოთქვა, ვირუსით ინფიცირებულების ნაწილს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დაუთმოს ადგილი. ათმა ექიმმა თანხმობა განაცხადა სახელმწიფო საავადმყოფოებში იმუშაოს, რათა კრიზისი შემსუბუქდეს.
კორონავირუსის გამო, ლომბარდიის ხელისუფლებამ მოუწოდა სამკურნალო დაწესებულებებს, დაგეგმილი ქირურგიული ოპერაციების 70 პროცენტი გადადონ, რათა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ადგილები გათავისუფლდეს.
სიტუაციას ართულებს ისიც, რომ ლომბარდიაში ექიმების 10 პროცენტი მუშაობას ვერ აგრძელებს, რადგან მათ კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს.
რეგიონულმა მთავრობამ მიმართა რომს, რათა სამსახურში დააბრუნონ ის ექიმები, რომლებიც მანამდე პენსიაზე გაუშვეს.
როგორც იტალიაში ვარაუდობენ, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთი კვირის განმავლობაში კიდევ გაიზრდება.