არ ვარ ჩემი მოადგილეების მარიონეტი, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ევროპარლამენტში გამართული დებატებისას განაცხადა. ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოში პირველი გამოსვლის შემდეგ, ჯუზეპე კონტეს მისამართით დეპუტატების მხრიდან არაერთი კრიტიკა გაისმა. კრიტიკული განცხადებები ევროზონის საბიუჯეტო წესებზე ბრიუსელს და რომს შორის არსებულ უთანხმოებას და იმიგრაციულ პოლიტიკას უკავშირდებოდა. იტალიის ლიდერს და ევროდეპუტატებს შორის საუბარი მას შემდეგ დაიძაბა, რაც დეპუტატმა, გი ვერჰოფშტადმა კონტეს იტალიურად მიმართა: „ჩემი კითხვა თქვენ მიმართ, ბატონო კონტე, როდემდე გააგრძელებთ მატეო სალვინის და ლუიჯი დი მაიოს მარიონეტად ყოფნას?“.
პასუხად იტალიის მთავრობის ხელმძღვანელმა თქვა, რომ დეპუტატის განცხადება არა მხოლოდ მისი, არამედ ყველა ადამიანის შეურაცხყოფაა, ვისაც იგი წარმოადგენს. ევროპარლამენტის დებატებს იტალიის ვიცე-პრემიერი, მატეო სალვინიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვერჰოფშტადის განცხადება მთელი იტალიის შეურაცხყოფაა და მოსახლეობა ევროპარლამენტის არჩევნებზე ევროპელ ბიუროკრატებს საბოლოოდ გაუშვებს სახლში“.