იტალიის ყოფილი პრემიერი ჯუზეპე კონტე პარტია „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ განახლებას უხელმძღვანელებს
იტალიის ყოფილი პრემიერი ჯუზეპე კონტე პარტია „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ განახლებას უხელმძღვანელებს

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე პარტია „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ სრულ განახლებას უხელმძღვანელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება რომში, ჯუზეპე კონტესა და პარტიის ლიდერების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მოლაპარაკებებს პარტიის დამფუძნებელი, ყოფილი კომიკოსი ბეპე გრილოც ესწრებოდა. 2018 წლის საარჩევნო ტრიუმფის შედეგად, „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობას“ ხმათა 32.7 პროცენტი ჰქონდა და ის იტალიის პარლამენტში ყველაზე დიდი ჯგუფია, თუმცა მისი მხარდაჭერა სტაბილურად იკლებს და ახლა პარტიის რეიტინგი 15 პროცენტია. თებერვალში პარტიის გადაწყვეტილებამ, მხარი დაეჭირა ეროვნული ერთიანობის ახალი მთავრობისთვის, რომელსაც ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი მარიო დრაგი ხელმძღვანელობს, პოლიტიკური ჯგუფი კიდევ უფრო დაყო და დაასუსტა. ამ გადაწყვეტილებამ წევრების განდგომა გამოიწვია, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ეს იყო „ხუთი ვარსკვლავის“ ანტიისტებლიშმენტური იდენტობის ღალატი.

პარტიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეკოლოგია და უთანასწორობასა და კორუფციასთან ბრძოლა „ხუთი ვარსკვლავის“ პლატფორმის მთავარ ელემენტებად დარჩება.

ჯუზეპე კონტე იტალიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია და ყოველთვის ახლოს იყო „ხუთ ვარსკვლავთან“. „იფსოსის“ მიერ იანვარში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ კონტეს რეიტინგი დაახლოებით 56 პროცენტი იყო.