იტალიის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსის დროს მთავრობის გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით პროკურატურაში დაკითხავენ
იტალიის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსის დროს მთავრობის გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით პროკურატურაში დაკითხავენ

იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს კორონავირუსის დროს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, პროკურატურაში დაკითხავენ. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

როგორც იუწყებიან, გამოძი​ება ლომბარდიის რეგიონში მდებარე ქალაქ ბერგამოს პროკურატურამ დაიწყო. გამომძიებლებს აინტერესებთ, რატომ არ გამოცხადდა ე.წ. წითელ ზონად ქალაქები – ნემბრო და ალზანო. რეგიონული ხელისუფლება და ცენტრალური მთავრობა ამაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

როგორც იტალიური მედია იუწყება, იტალიის პრემიერ-მინისტრის გარდა, რომის პროკურატურაში ჯანდაცვის მინისტრ რობერტო სპერანცასა და შინაგან საქმეთა მინისტრ ლუჩანა ლამორჯეზესაც დაიბარებენ.

აღსანიშნავია, რომ პროკურორმა მარია კრისტინა როტამ უკვე დაკითხა ლომბარდიის რეგიონის მეთაური ატილო ფონტანა. მათი მტკიცებით, ეპიდემიის დროს კონკრეტული რეგიონების ჩაკეტვა ცენტრალური ხელისუფლების გადასაწყვეტი იყო.

შეგახსენებთ, ლომბარდიის 14 პროვინცია და მეზობელი რეგიონი ვენეტო, პიემონტი და ემილია რომანა 8 მარტს დახურეს. ორ დღეში კი კარანტინი სრულიად იტალიაში გამოაცხადეს.

ბერგამოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ცენტრალურმა მთავრობამ სწრაფად ვერ იმოქმედა. თავის მხრივ, ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ თუ ბერგამოს ადგილობრივ ხელისუფლებას სურდა, მას თავადაც შეეძლო, კონკრეტულ დასახლებებში კარანტინის გამოცხადება.

იტალიური მედიის ცნობით, მინისტრთა კაბინეტთან მოქმედი სამეცნიერო კომიტეტი ჯერ კიდევ 8 მარტს აფრთხილებდა ხელისუფლებას, რომ ბერგამოს რამდენიმე ქალაქის ჩაკეტვა იყო საჭირო.

მანამდე მთავრობის მიერ კორონავირუსის ეპიდემიის დროს გადადგმული ნაბიჯების შესწავლა „კოვიდ-19“-ის შედეგად დაღუპული 50 ადამიანის ახლობლებმა მოითხოვეს. მათ საჩივარი პროკურატურაში შეიტანეს. ეს პირველი მსგავსი სარჩელია იტალიაში.

დატოვე კომენტარი