იტალიის პრემიერი აცხადებს, რომ ქვეყნის ხელახლა გახსნით გათვლილ რისკზე მიდის
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ იტალიის მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ ქვეყნის ხელახლა გახსნით იზრდება შანსი, რომ ვირუსის გავრცელების ტემპმა ისევ მოიმატოს და ამას იტალიის მთავრობა აცნობიერებს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„ჩვენ გათვლილ რისკზე მივდივართ, ვიცით რა, რომ ეპიდემიოლოგიური მრუდი შეიძლება, ისევ გაიზარდოს“, – განაცხადა კონტემ რომში კარანტინის ზომების შემსუბუქებასთან დაკავშირებით.
იტალიაში 18 მაისიდან გაიხსნება ყველა მაღაზია, ხოლო ევროკავშირის საზღვრებს შიგნით გადაადგილება 3 ივნისიდან იქნება დასაშვები. სპორტდარბაზები, საცურაო აუზები და სხვადასხვა სპორტული ცენტრები 025 მაისს გაიხსნება, თეატრები და კინოთეატრები კი, 15 ივნისიდან განაახლებენ მუშაობას.
იტალიაში დღეს 9 მარტის შემდეგ „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.