იტალიის 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა #1TVSPORT

23:38, 05.06.2024

კვიპროსში 17-წლამდე ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა, რომლის გამარჯვებულიც იტალიის ნაკრები გახდა.

იტალიამ ფინალში პორტუგალია დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა და ტიტულს ისტორიაში მეორედ დაეუფლა.

ფინალური მატჩი იტალიელებმა აქტიურად დაიწყეს და მე-7 წუთზე კოლეტამ თავისი გუნდი დააწინაურა. მე-16 წუთზე ტურნირის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა, ფრანჩესკო კამარდამ სხვაობა გაზარდა.

იტალიის ახალგაზრდულმა ნაკრებმა პორტუგალიას მესამე გოლი მეორე ტაიმის დასაწყისშივე გაუტანა, თავი ისევ კამარდამ გამოიჩინა.

ჯგუფურ ეტაპზე იტალიელებმა პოლონეთი, სლოვაკეთი და შვედეთი დაამარცხეს, მეოთხედფინალში ინგლისს პენალტების სერიაში აჯობეს, ნახევარფინალში კი დანიას სძლიეს.

მსგავსი