რამაზ სვანაძე – ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა ჩვენთვის დიდი დარტყმა იყო #1TVSPORT

13:17, 09.11.2026

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა და ერთა ლიგის 2026/27 წლების გათამაშების დასკვნითი მატჩებისთვის მზადების გეგმებსა და გამოძახებული მოთამაშეების მდგომარეობაზე ისაუბრა.

„მნიშვნელოვანი თამაშებისთვის ვიწყებთ შეკრებას, გვინდა, ამ მატჩებში დადებით შედეგს მივაღწიოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი შეკრებაა, სადაც შეგვიძლია ფეხბურთელებს ჩვენი იდეები გავუზიაროთ. ხვიჩა კვარაცხელია და ოთარ კიტეიშვილი ძალიან დაგვაკლდებიან, მაგრამ ეს სხვა მოთამაშეებისთვის შანსია.

ახალი გუნდის ფორმირება იწყება. ვიცით, რომ რთული მატჩები გველის, მაგრამ საქართველოს ნაკრებს ყოველთვის ჰქონდა ხასიათი და ამ მატჩებში გვინდა, სწორედ ეს ხასიათი დავინახოთ.

გუნდის კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელიაა, ვიცე-კაპიტნები კი ოთარ კიტეიშვილი და ოთარ კაკაბაძე, მომავალ მატჩებში გუნდის კაპიტანი ოთარ კაკაბაძე იქნება. ხვიჩას ტრავმა დიდი დარტყმა იყო ჩვენთვის, თუმცა ეს ფეხბურთია. ყველანი მის გვერდით ვართ და მჯერა, კიდევ უფრო ძლიერი დაგვიბრუნდება. კვარაცხელიას შემცვლელის საკითხს არ განვიხილავთ, ისე უნდა ვითამაშოთ, სადაც მას გუნდი შეცვლის.

რჩებიან თუ არა სამწვრთნელო სტაფში კვეკვესკირი და კაშია? რა თქმა უნდა რჩებიან, ახალაგაზრდული ნაკრებიდან კი გიორგი ადამია შემოგვიერთდება.

რა კრიტერიუმებით შევარჩიეთ ახალწვეულები? ნოდარ ყალიჩავას კარგი სეზონი აქვს და საჭიროდ ჩავთვალეთ, მისი გამოძახება. დავით კერესელიძე კარგი მეკარეა, მაგრამ გუნდში კონკურენცია აუცილებელია. ​გიორგი მაისურაძის ბოლოდროინდელმა თამაშებმა იმის საფუძველი მოგვცა, რომ ნაკრებში გამოგვეძახებინა, ისევე როგორც სხვა პოზიციებზე, კონკურენცია დაცვის მარჯვენა ფლანგზეც საჭიროა.

გიორგი მოისწრაფიშვილს მაღალი სათამაშო ინტელექტი აქვს, მისი პრობლემა ფიზიკური მომზადება იყო, მაგრამ სლოვაკეთში ამ კუთხით მოუმატა და თუ წინსვლას გააგრძელებს, საქართველოს ნაკრებს ძალიან კარგი მოთამაშე შეემატება.​ ირაკლი აზაროვმა ​ტრავმის შემდეგ ითამაშა და მზადაა სანაკრებო მატჩებშიც მიიღოს მონაწილეობა, ის ისეთი ფეხბურთელია, რომელიც ძალიან გვჭირდება. რაც შეეხება საბა ხარებაშვილს, სამწუხაროდ, ის ტრავმირებულია და ვერ მოვიწვიეთ.

ალექსანდრე ნარიმანიძემ თუ ასე განაგრძო, მალე მოირგებს ნაკრების მაისურს. ახლა კი უფრო გამოცდილი მოთამაშეები მოვიწვიეთ, ლუკა გადრანი და გურამ გიორბელიძე კი სარეზერვო სიაში არიან“.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ნოემბერში ორ შეხვედრას გამართავს. 14 ნოემბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნგრეთს უმასპინძლებს, ხოლო 17 ნოემბერს უკრაინას სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში დაუპირისპირდება.

მატჩების განრიგი:

14 ნოემბერი

21:00 | საქართველო – უნგრეთი

17 ნოემბერი

23:45 | უკრაინა – საქართველო

მსგავსი