იტალიაში მმართველი კოალიციის ფორმირება ვერ ხერხდება
იტალიაში მმართველი კოალიციის ფორმირება ვერ ხერხდება

იტალიაში მმართველი კოალიციის ფორმირება ვერ ხერხდება. როგორც ყოფილი მმართველი პარტიის, „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ ლიდერმა, ლუიჯი დი მაიომ განაცხადა, ოპოზიციურ „დემოკრატიულ პარტიასთან“ მიმდინარე დიალოგი შესაძლოა, უშედეგოდ დასრულდეს. ორ პარტიას შორის სადავო საგანს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა წარმოადგენს.

დემოკრატიული პარტიის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ მათთვის მიუღებელია ლუიჯი დი მაიოს შეთავაზება, რომელსაც იტალიის ვიცე-პრემიერის პოსტთან ერთად შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობის დაკავებაც სურს.

იტალიაში მმართველი კოალიცია მას შემდეგ დაიშალა, რაც იტალიის ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინიმ განაცხადა, რომ მის პარტია „ლიგას“ „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობასთან“ თანამშრომლობა აღარ სურს. 20 აგვიტოს კი, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ დატოვა თანამდებობა. ამის შემდეგ, იტალიაში ახალი კოალიციის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო.

თუ პარტიები ვერ შეთანხმდებიან შესაძლოა, იტალიაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა გახდეს საჭირო.