იტალიამ ჰუმანიტარული ორგანიზაციისთვის გემის ჩამორთმევის განკარგულება გასცა
იტალიამ ჰუმანიტარული ორგანიზაცია SOS Mediterranee-ისთვის გემ „აკვარიუსის“ ჩამორთმევის განკარგულება გასცა. Euronews-ის ცნობით, მიგრანტების გადასარჩენად განკუთვნილი გემით 24 ტონა ტოქსიკური ნარჩენები გადაჰქონდათ.
ჰუმანიტარული ორგანიზაციის გემი „აკვარიუსი“ ამჟამად საფრანგეთის ქალაქ მარსელის პორტში იმყოფება.
რამდენიმე თვის წინ იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატეო სალვინიმ ჰუმანიტარული ორგანიზაციის გემ, „აკვარიუსს“, რომელზეც 629 მიგრანტი იმყოფებოდა, ქვეყნის პორტებში შესვლის უფლება არ მისცა. იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ ევროპული საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. საფრანგეთის ქალაქებში მიგრანტების გადარჩენის მოთხოვნით დემონსტრაციები გაიმართა. აქტივისტები მთავრობებს მოუწოდებდნენ, „აკვარიუსის“ საქმიანობისთვის ხელი არ შეეშალათ, რადგან ის უკანასკნელი სამაშველო გემი იყო, რომელიც ლიბიის სანაპიროზე მიგრანტების გადარჩენის ოპერაციებს აწარმოებდა.
გემ „აკვარიუსის“ საშუალებით SOS Mediterranee-ის თანამშრომლებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში 30 ათასი მიგრანტის გადარჩენა მოახერხეს.