„ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ახალ მარშრუტებზე გავიდა
„ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ახალ მარშრუტებზე გავიდა

ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები დამატებით, ახალ მარშრუტებზე გავიდა. ეურო 6 ემისიის სტანდარტის ავტობუსები დღეიდან N4, 10, 42 და 103 მარშრუტებზე იმოძრავებენ.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლება თბილისის მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლების პროექტის მიხედვით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ შეისყიდა 220 ერთეული „ისუზუს“ მარკის ავტობუსი.

მათივე ინფორმაციით, ახალი ავტობუსები უკვე მოძრაობენ N28, 34, 56, 66 და 78 მარშრუტებზე. უახლოეს დღეებში მათ ასევე დაემატება N108 მარშრუტიც.

„ახალი „ისუზუს“ მარკის ავტობუსი გათვლილია 53 მგზავრზე, აქვს 21 დასაჯდომი ადგილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ავტობუსში განთავსებულია, როგორც wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის ვაიფაი სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის საინფორმაციო ხმოვანი სისტემები. ავტობუსის სალონში დამონტაჟებულია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემა და იუესბი დამტენები“, – აცხადებენ მერიაში.